იზა კელენჯერიძე: გადაწყვეტილებები, რომლებსაც დღეს მოსამართლეები იღებენ, ეფუძნება კონსტიტუციას, საერთაშორისო ნორმას და არ ასახავს პოლიტიკურ დაკვეთას

“სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ გადაწყვეტილებები, რომლებსაც დღეს მოსამართლეები იღებენ, ეფუძნება კონსტიტუციას, კანონს, საერთაშორისო ნორმას და არ ასახავს პოლიტიკურ დაკვეთას”, – ამის შესახებ მოსამართლე იზა კელენჯერიძემ ჟურნალისტებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მრგვალი მაგიდის – ,,სამართლებრივი დიალოგი – მოსამართლის საქმიანობის შეფასების სტანდარტები“ დასრულების შემდეგ განუცხადა.
კელენჯერიძე სასამართლო სისტემაში “კლანის” არსებობას გამორიცხავს.
“აუცილებელია, რომ სასამართლოს ჰქონდეს მოქალაქეების მხრიდან ნდობა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვისაუბრებთ “კლანურ” დაჯგუფებებზე, არაფორმალურ მმართველობაზე სასამართლო სისტემის შიგნით, ბუნებრივია, რომ ამას გარკვეული უარყოფითი გავლენა ექნება სასამართლოსადმი ნდობაზე. რა თქმა უნდა, გამოხატვის თავისუფლება არის დაცული უფლება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით, თუმცა არ შეიძლება, ამ უფლებას ჰქონდეს აბსოლუტური ხასიათი, ვინაიდან თავად კონვენციაც აცხადებს, რომ საზღვრებიც დაუწესდეს. აქედან გამომდინარე, “კლანურ” მმართველობაზე საუბარი უსაფუძვლოა. მე სასამართლო სისტემაში აბსოლუტურად ღია კონკურსით მოვედი და აბსოლუტურად წარმოუდგენელია “კლანურ” მმართველობაზე საუბარი. ამასთან, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ გადაწყვეტილებები, რომლებსაც დღეს მოსამართლეები იღებენ, ეფუძნება კონსტიტუციას, კანონს, საერთაშორისო ნორმას და არ ასახავს პოლიტიკურ დაკვეთას. ამაზე მეტყველებს გამამართლებელი განაჩენების პრაქტიკა და შესაბამისი პროცენტული მაჩვენებელი გაზრდილია, გარდა ამისა, ბევრია ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენიც”, – განაცხადა იზა კელენჯერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები