“და შენ გინდა ზუგდიდის მერობა?” – სანდრა რულოვსს ზვიად გამსახურდიას კრიტიკა პლაკატებით გაახსენეს

ზუგდიდში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ზუგდიდის მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის ფოტოები გამოჩნდა. პლაკატებზე რულოვსის წიგნიდან ციტატაა ამობეჭდილი, რომელშიც ის ზვიად გამსახურდიას შესახებ საუბრობს და მას “არაფორმალური ბანდფორმირებების შემქმნელად” მოიხსენიებს. სააკაშვილის ფოტოს მინაწერში კი აღნიშნულია, რომ 1992 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში სააკაშვილი გამსახურდიას „უღირს პრეზიდენტსა“ და „კავკასიელ ჰუსეინს“ უწოდებს. უცნობია, ვინ განათავსა აღნიშნული პლაკატები ქალაქში.

“და შენ გინდა ზუგდიდის მერობა?”;
“და შენს ცოლს უნდა ზუგდიდის მერობა?”, – წერია პლაკატებზე.

“ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგო პლაკატები ზუგდიდში შარშან, პრეზიდენტის არჩევნების დროსაც გამოჩნდა. მაშინ ამ ყველაფერში “ნაცმოძრაობამ” მმართველი პარტია დაადანაშაულა. “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბმა პლაკატების გავრცელებასთან კავშირი უარყო.

ცნობისთვის, სანდრა რულოვსმა ჟურნალისტების კითხვაზე – ის, რაც წიგნში ზვიად გამსახურდიაზე დაწერა, დღესაც ასე ფიქრობს თუ არა – განმარტა, რომ აღნიშნული წიგნი ავტობიოგრაფიულია და არ წარმოადგენს საქართველოს უახლესი ისტორიის სამეცნიერო ნაშრომს. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ კიდევ ერთ წიგნს ამჯერად, განსხვავებულად დაწერს, რადგან გამსახურდიას შესახებ ასე არ ფიქრობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები