მამუკა ბახტაძე: ევროპული ოჯახი საქართველოს მოქალაქეების ცივილიზაციური არჩევანია

“ევროპული ოჯახი და ევროატლანტიკური სივრცისკენ მისწრაფება საქართველოს მოქალაქეების ცივილიზაციური არჩევანია”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პროექტის – „საქართველო ევროპულ ოჯახში” პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელიც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში რელიგიური ჯგუფებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა საზოგადოების ყველა ჯგუფის აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობას ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.
„საქართველო ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია. ჩვენს ქვეყანას ევროპული ცივილიზაციის ფორმირებაში თავისი წვლილი აქვს შეტანილი. აქედან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეების ცივილიზაციური არჩევანია ევროპული ოჯახი და მისწრაფება ევროატლანტიკური სივრცისკენ. ამის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს სწამს ძალიან მარტივი ჭეშმარიტებისა, რომ ძალა ერთობაშია და, აქედან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი ყველა პრობლემისა თუ გამოწვევის დაძლევაში უნდა ვიყოთ ერთსულოვნები”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.
პროექტი „საქართველო ევროპულ ოჯახში” ორწლიანია და მისი მიზანია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში სხვადასხვა რელიგიური გაერთიანების წარმომადგენლების, საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი საგანმანათლებლო დაწესებულებების, მასწავლებლებისა და მოსწავლეების ჩართულობის ხელშეწყობა და ამ პროცესის მნიშვნელობის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა. პროექტი, არაფორმალურ საგანმანათლებლო ღონისძიებებთან ერთად, საზღვარგარეთ სასწავლო ვიზიტებსაც მოიცავს.
პროექტის პრეზენტაციას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და სხვადასხვა რელიგიური კონფესიების ლიდერები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები