ვახტანგ გომელაური: აღსანიშნავია აშშ-ის როლი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვისა და სამსახურის შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით

„სუს-ის ინიციატივით, ხელი მოეწერა საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ მთავრობათაშორის შეთანხმებებს 3 ქვეყანასთან: ალბანეთი, იტალია და მოლდოვა“, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, დღეისათვის ორმხრივი შეთანხმებები გაფორმებულია 23 სახელმწიფოსა და ევროკავშირთან.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის წარმატებას დიდწილად განსაზღვრავს სახელმწიფო უწყებებთან მუდმივი კოორდინაცია, ასევე პარტნიორ ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო ურთიერთობა. საერთაშორისო თანამშრომლობის თვალსაზრისით, აღსანიშნია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლობა ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ევროპის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს შეერთებული შტატების როლი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვისა და სამსახურის შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით.
საანგარიშო პერიოდში, სამსახურის ინიციატივით, ხელი მოეწერა საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ მთავრობათაშორის შეთანხმებებს 3 ქვეყანასთან (ალბანეთი, იტალია, მოლდოვა). დღეისათვის, ორმხრივი შეთანხმებები გაფორმებულია 23 სახელმწიფოსთან და ევროკავშირთან. აღნიშნული მიმართულებით გრძელდება აქტიური კონსულტაციები სხვა პარტნიორებთანაც. ასევე, ინტენსიურად ვთანამშრომლობდით საქართველოში აკრედიტებული ქვეყნების ატაშეებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას.
სუს-ის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეები სუს-ის მხრიდან მუდმივ რეაგირებასა და შესაბამის ძალისხმევას მოითხოვს.
„გასულ წელს საქართველოსა და მსოფლიოში განვითარებულმა პროცესებმა კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა, რომ ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მნიშვნელოვან გამოწვევებთან არის დაკავშირებული. სახელმწიფოს წინაშე მდგარი საფრთხეები სამსახურის მხრიდან მუდმივ რეაგირებასა და შესაბამის ძალისხმევას მოითხოვს. ჩვენი სამსახური, სახელმწიფო უსაფრთხოების თითოეული ოფიცერი, მომავალშიც გააგრძელებს მასზე დაკისრებული მოვალეობის ღირსეულად შესრულებას. კანონისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვით, მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი როგორც ქვეყნის, ასევე – თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები