გომელაური: 2018 წელს სირიასა და ერაყში საქართველოს მოქალაქეების გამგზავრების ფაქტები არ დაფიქსირებულა

2018 წელს სირიასა და ერაყში საქართველოს მოქალაქეების გამგზავრების ფაქტები არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2018 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
“გასულ წელს გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ტერორიზმის თავით გათვალისწინებული დანაშაულებების 10 საქმეზე, ასევე გაგრძელდა საგამოძიებო მოქმედებები 2017 წელს დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეებზე.
2018 წელს სირიასა და ერაყში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს რამდენიმე მოქალაქე დაიღუპა, 20-მდე კვლავ იბრძვის ტერორისტული ორგანიზაციების რიგებში. ქვეყანაში მათ შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით, სამსახური განაგრძობს მუშაობას და ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის, მის საქმიანობაში მონაწილეობისა და დახმარებისათვის, უსაფრთხოების სამსახურის მიერ სხვადასხვა დროს საქართველოს რამდენიმე მოქალაქე მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულმა გავლენა იქონია საქართველოდან მოქალაქეების გამგზავრების ტენდენციაზე. 2018 წელს, სირიასა და ერაყში ჩვენი მოქალაქეების გამგზავრების ფაქტები არ დაფიქსირებულა.
სამსახურის მიერ შესაბამისი ღონისძიებების გატარების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა ტერორიზმთან დაკავშირებული პირების მიერ საქართველოს ტრანზიტულად გამოყენების მცდელობის ფაქტები. მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, აღნიშნული მიმართულებით გარკვეული გამოწვევები კვლავ არსებობს. ამ თვალსაზრისით, საქართველო არ განეკუთვნება მაღალი რისკის ქვეყანათა რიცხვს. შესაბამისად, ნებისმიერ ბრალდებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განიხილავს, როგორც მიზანმიმართულ პროვოკაციას.
აღსანიშნავია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქართველოს ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შექმნა.
დოკუმენტი შემუშავდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, ასევე სხვა უწყებების აქტიური ჩართულობით. სტრატეგიაში ნათლად არის წარმოდგენილი ტერორიზმისა და ექსტრემიზმის კუთხით ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეები და გამოწვევები, სახელმწიფოს ერთიანი ხედვა, მიზნები და ამოცანები. სტრატეგიის შექმნის პროცესში გავიზიარეთ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა. აქტიურად ვთანამშრომლობდით სტრატეგიულ პარტნიორებთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები