სალომე სამადაშვილი: დღეს დემოკრატიას ძალიან სერიოზული გამოწვევები აქვს საქართველოში

“დემოკრატია არის აშშ-სთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხი და მათ ძალიან კარგად ესმით, რომ დღეს დემოკრატიას ძალიან სერიოზული გამოწვევები აქვს საქართველოში”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, სალომე სამადაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწესთან, ჯორჯ კენტსა და საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, როს უილსონს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრის ძირითადი თემა საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება იყო.
„შეხვედრის ძირითადი თემა იყო მზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის. ყველა ხვდება, მათ შორის – ჩვენი პარტნიორი ქვეყნები, რომ ამ არჩევნებს სახელმწიფოში ძალიან სერიოზული პოლიტიკური ცვლილებები მოჰყვება.
​საუბარი იყო იმ საკანონმდებლო ცვლილებებსა და გზავნილებზე, რომლებიც საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გაუგზავნოს პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომ უზრუნველვყოთ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების გზით ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება სხვა პოლიტიკური გუნდისთვის, რაც აუცილებელად მოხდება შემდეგ არჩევნებზე.
საუბარი გვქონდა დემოკრატიის გამოწვევებზე”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
შეხვედრას “ნაცმოძრაობის” ლიდერი, გრიგოლ ვაშაძეც ესწრებოდა. მისი თქმით, შეხვედრისას ყურადღება, ასევე, საქართველოში თავდაცვისუნარიანობის თემაზე გამახვილდა.
“ძალიან წარმომადგენლობითი დელეგაციაა ჩამოსული, რომელსაც ხელმძღვანელობს სახელმწიფო მდივნის მოადგილე. შესანიშნავად არიან ინფორმირებულები ყველაფერზე, რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება.
​საელჩო აშშ-ს, ვაშინგტონს საქმის კურსში აყენებს მუდმივად. შეშფოთებულები არიან იმის გამო, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესი საერთოდ გაყინულია და ჩვენი ქვეყანა, დემოკრატიის ხარისხის მხრივ, მიდის უკან. გამახვილდა ყურადღება ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: საარჩევნო პროცესში დაშვებული შეცდომები, დანაშაულებები, ზეწოლა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, საარჩევნო კამპანიის შავი ფულით დაფინანსება. ყურადღება გამახვილდა, ასევე, საქართველოში თავდაცვისუნარიანობის თემაზე”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები