„საზღვრის დაცვის კომპონენტში ძირითადი აქცენტები გაკეთდება სანაპირო დაცვის მიმართულებით – ეს ერთადერთი უწყებაა, რომელიც ნატო-სთან თანამშრომლობს შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილში”

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ საპარლამენტო გამოსვლის დროს რეფორმებზე საუბრისას სასაზღვრო პოლიციაში მიმდინარე ღონისძიებებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, სანაპირო დაცვა ერთადერთი უწყებაა, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილში ნატო-სთან თანამშრომლობს და ამ მიმართულებით ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება იგეგმება.
„მინდა გითხრათ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, თუმცა, ასევე, მინდა ვაღიარო და ვთქვა, რომ მის, ასე ვთქვათ, სიღრმისეულ რეფორმირებამდე ჩვენ ჯერ ვერ მივედით, ამიტომ ჩვენ მივყვებით გეგმას სასაზღვრო სექტორების მშენებლობის ნაწილში იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურა ნორმალურ მდგომარეობაში გვქონდეს. თუმცა ყველას კარგად გვესმის, რომ საზღვრის დაცვა არის საკმაოდ ძვირი სიამოვნება და ჩვენი მსგავსი, სუსტი ეკონომიკების პირობებში ეს შეუძლებელია სტრატეგიული პარტნიორების დახმარების გარეშე. ამ დახმარებას ჩვენ ძალზე ეფექტურად ვიღებთ, რის გამოც მადლობა უნდა გადავუხადო მათ. თუმცა, ასევე, მინდა გითხრათ, რომ წელსაც და მომავალ წელსაც საზღვრის დაცვის კომპონენტში ძირითადი აქცენტები იქნება გაკეთებული სანაპირო დაცვის მიმართულებით და ამას აქვს თავისი მარტივი ახსნა, რამეთუ სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება საქართველო-ნატო-ს თანამშრომლობა შავი ზღვის უსაფრთხოების კომპონენტში. იქედან გამომდინარე, რომ საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალები არ გააჩნია, სანაპირო დაცვა არის ერთადერთი უწყება, რომელიც თანამშრომლობს შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილში ნატო-სთან და ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი როგორც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ასევე – ჩვენი სანაპიროს დაცვის კომპონენტში”, – გიორგი გახარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები