თეა წულუკიანი: ნებისმიერ კანდიდატზე ზეწოლის შემთხვევაში რეაგირება მკაცრი იქნება
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პოლიტიკური პარტიების კანდიდატებზე ზეწოლის საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციები უწყებათშორის კომისიაში განიხილება. წულუკიანის თქმით, პროკურატურა ფაქტებს ადგენს და, კანდიდატზე ზეწოლის დადგენის შემთხვევაში, რეაგირება იქნება მკაცრი.
“თითოეული ის ინფორმაცია, რომელიც ეხება რომელიმე პარტიის რომელიმე კანდიდატზე ზეწოლას, შემოდის უწყებათშორის კომისიაში. ჩვენ გუშინ ჩავატარეთ გასვლითი სხდომა ხარაგაულში, სადაც ეს ინფორმაციები განვიხილეთ. ინფორმაციები გადაეცა პროკურატურას, რომელიც ფაქტებს ადგენს. თუ გამოვლინდება, რომ ვინმეზე ვინმეს მხრიდან იყო ზეწოლა, ვინც არ უნდა იყოს ზეწოლის ავტორი, რეაგირება მკაცრი იქნება. ჯერჯერობით, ფაქტები დგინდება”, – აღნიშნა ბათუმის იუსტიციის სახლში ყოფნისას თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრმა ბათუმში აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის თანამშრომლები დააჯილდოვა.