საქართველოს გიდები დავით-გარეჯში, უფასო ტურზე, მსურველებს ეპატიჟებიან

მოვიაროთ და მოვილოცოთ დავით-გარეჯი! –  ამ დევიზით 9 მაისს, დილის 9 საათიდან, საქართველოს გიდები უფასო ტურზე ყველა მსურველს ეპატიჟებიან.
„ვნახოთ და დავაფასოთ მეექვსე საუკუნეში დაარსებული და დღემდე რუდუნებით მოტანილი მამათა სამონასტრო კომპლექსი, მოვაწყოთ მსვლელობა უდაბნოს მონასტერზე, საქართველო-აზერბაიჯანის პირობით საზღვარზე.

ვაჩვენოთ მტერსაც და მოყვარესაც, რომ ძალა ერთობაშია, გარეჯი ჩვენია, ეს საქართველოა!

საქართველოს გიდები ამ აქციით, მოვითხოვთ მოხდეს საზღვრის დემარკაცია, დასრულდეს გარეჯის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები და მონასტერში მისულ მრევლს და დამთვალიერებელს ჰქონდეს საშუალება, ქართული ისტორიისთვის უმნიშვნელოვანი სამონასტრო კომპლექსი სრულად და შეუფერხებლად მოილოცოს და დაათვალიეროს.

შეკრება დაგეგმილია, 9 საათზე, ორთაჭალაში, აზერბაიჯანის საელჩოსთან, სადაც უფასო ტრანსპორტი დაგელოდებათ ყველა მსურველს და ჩვენ, გიდები, თქვენთან ერთად ვიმგზავრებთ და მოგიყვებით გარეჯის ისტორიას, დაგათვალიერებინებთ მონასტერს და, ყველანი ერთად, ჩვენი აქტიურობით, შევძლებთ ქვეყნებს შორის არსებული საზღვრის დემარკაციის 30 წლის მანძილზე დაკონსერვებული პროცესის დასრულების ხელშეწყობას…

მოვუწოდოთ ორივე ქვეყნის მთავრობებს, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, მეგობრულ თუ პარტნიორულ რეჟიმში, ერთხელ და სამუდამოდ დადგინდეს საზღვარი, საბჭოთა საზღვრების გაუქმების ხარჯზე, რომელსაც პირობითს ვეძახით, უკვე 30 წელია…
თან იქონიეთ წყალი და საპიკნიკე მენიუ, რადგან არც კვების ობიექტები გვაქვს ადგილზე და წყალიც დეფიციტშია უდაბნოს კელიებთან…
ჩაიცვით დახურული მყარძირიანი ფეხსაცმელი, ბოტასები ან ბათინკები, რაც გაგიადვილებთ მთაზე გადაადგილებას“, – აღნიშნულია გიდების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები