ქუთაისში დამატებით 900-მდე აბონენტი წყალმომარაგების ახალი ქსელით სარგებლობს

ქუთაისში მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფის მიზნით წყლის სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის (II ფაზა) სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, ქალაქში არსებული ამორტიზებული მილები ახლით ჩანაცვლდა, მოსახლეობა 24-საათიან წყალმომარაგებაზე ეტაპობრივად გადადის.
„მიმდინარე პროექტის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩაზე თუჯის მილები ეწყობა. სამუშაოების ფარგლებში ლაღიძის, დუმბაძის, გ. ტაბიძის, გალაევი-ნიჟარაძის, სარაჯიშვილის, ყაუხჩიშვილის, კ. ლორთქიფანიძის, გრიშაშვილის ქუჩებზე მაცხოვრებელი – დაახლოებით, 900 აბონენტი ახალ ქსელზე გადაერთდა, ხოლო რუსთაველის ქუჩის გარკვეული ნაწილი, დაახლოებით, 200 აბონენტი, 24 -საათიან წყალმომარაგებაზე გადავიდა.
წყალმომარაგების ახალ სისტემაზე გადაერთების სამუშაოები უკვე დასრულდა ასათიანის ქუჩაზე. ამ დროისთვის, სამუშაოების შედეგად დაზიანებული ასფალტის საფარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ქალაქის მასშტაბით ეტაპობრივად მიმდინარეობს წყალმომარაგების ძველი ქსელების გაუქმება და აბონენტების ახალ სისტემაზე გადართვა. შესრულებული სამუშაოების შედეგად, შემცირდა წყლის დანაკარგი და ადგილობრივ მაცხოვრებელს გაუუმჯობესდა წყლის ხარისხი“,- აცხადებენ კომპანიაში.
ცნობისთვის, ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის (II ფაზა) სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც, მოსახლეობას უწყვეტი წყალმომარაგება ექნება. პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ, 92,961,717.79 ლარით ფინანსდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები