საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი – ლილიან მორი პასკიე ეწვევა
28-30 აპრილს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ლილიან მორი პასკიე ეწვევა. ამის შესახებ ,,კვირას” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, პირველ შეხვედრას ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან გამართავს. შეხვედრის შემდეგ, ირაკლი კობახიძე და ლილიან მორი პასკიე პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
30 აპრილს, საქართველოს პარლამენტში, ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო სესია გაიხსნება, სადაც სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ლილიან მორი პასკიე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გამოვლენ.
ვიზიტის ფარგლებში, ლილიან მორი პასკიე საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს . ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი წეროვანში, იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას ეწვევა.
ლილიან მორი პასკიე ოძისშიც გაემგზავრება, სადაც ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებს დაათვალიერებს.