ქართული ნუმიზმატიკის ფუძემდებლის პირველი კოლექციის ჩვენება
31 იანვარს, 18 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და საჯარო ბიბლიოთეკის ერთობლივი კონფერენცია გაიმართება. იგი ქართული ნუმიზმატიკის ფუძემდებლის – მიხეილ ბარათაევის (ბარათაშვილის) დაბადების დღეს ეძღვნება. კონფერენციაზე შედგება მიხეილ ბარათაშვილის პირველი ნუმიზმატიკური კოლექციის პრეზენტაცია, რომელიც 1874 წელს ბერლინის ბოდეს მუზეუმის კაბინეტმა შეიძინა. კოლექცია ქართველი მეცნიერებისთვის ბოლო დრომდე მიუწვდომელი იყო. 2012 წელს, პრუსიული მემკვიდრეობის ფონდის ხელშეწყობით, ამ კოლექციის შესასწავლად ბოდეს მუზეუმში საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი მაია პატარიძე იმყოფებოდა. კონფერენციაზე ბერლინში ჩატარებული კვლევის შედეგებიც იქნება წარმოდგენილი. კონფერენციაზე მოხსენებით გამოვლენ ცნობილი მეცნიერები და მკვლევარები, რომელთაც დიდი მუშაობა აქვთ ჩატარებული როგორც მიხეილ ბარათაშვილის ბიოგრაფიის და გენეალოგიის, ასევე, სხვა სამეცნიერო თუ სამხედრო დამსახურებების კვლევის საქმეში: საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერი თანამშრომელი მაია პატარიძე, აკადემიკოსი გურამ ლორთქიფანიძე, ისტორიკოსი გიორგი სარაჯიშვილი და გენეალოგი, საერთაშორისო გენეალოგიური აკადემიის ნამდვილი წევრი (საფრანგეთი) იური ჩიქოვანი, რომელიც „თავად ბარათაშვილების გენეალოგიური წარმომავლობის” შესახებ ისაუბრებს.