მამუკა მდინარაძე: ჩვენ მივიღებთ პოზიტიურ კანონს და ათიათასობით ადამიანი მართლმსაჯულების განხორციელებას შეძლებს

0

“ჩვენ მივიღებთ პოზიტიურ კანონს და ათიათასობით ადამიანი მართლმსაჯულების განხორციელებას შეძლებს”, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებული კანონპროექტის შეფასებისას გააკეთა.
„ჩვენ გვექნება პოზიტიური კანონი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოებების სუბიექტური მიზნები და ინტერესები არ გავიდეს და არ გააჩერონ სასამართლო, როგორც ამასაც ცდილობენ. უზენაესში 5 ათასზე მეტი საქმეა, რომელიც ჯერ არ განხილულა, იმიტომ რომ მოსამართლე ძალიან ცოტაა, ათი ათასობით ადამიანი ელოდება მართლმსაჯულების განხორციელებას, რასაც ვერ ასწრებენ. ეს ყველაფერი აუცილებლად განხორციელდება, რადგან ჩვენ პოზიტიურ კანონს მივიღებთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძემ ყურადღება გაამახვილა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებაზე და აღნიშნა, რომ რეკომენდაციების აბსოლუტური უმრავლესობა გათვალისწინებულია.
„ვენეციის კომისიას ჰქონდა ოთხი ძირითადი რეკომენდაცია და მნიშვნელოვანია, ეს იცოდეს საზოგადოებამ, რადგან გაბნეულად მიდის ინფორმაციები. პირველი რეკომენდაცია ეხებოდა გამოცდას, რომელიც თავიდან ბოლომდე გავითვალისწინეთ. მეორე რეკომენდაცია ეხებოდა ინტერესთა კონფლიქტს, რომელიც თავიდან ბოლომდე გავითვალისწინეთ და კანდიდატი – თუ ამავდროულად არის იუსტიციის საბჭოს წევრი, მას აღარ აქვს უფლება, გასაუბრებაშიც კი მიიღოს მონაწილეობა და ყველა პროცედურიდან გამორიცხულია. ის ვერ მონაწილეობს ვერაფერში – ვერც გასაუბრებაში, ვერც კენჭისყრაში, ვერც საბოლოო კენჭისყრაში. მესამე იყო ასაკი – 30 წელი, რომელიც კონსტიტუციაში გვიწერია და 5-წლიანი გამოცდილება შეიძლება ყოფილიყო ცოტა, მაგრამ საქართველოში არცერთ არასამთავრობო ორგანიზაციას და არცერთ სუბიექტს, რომელიც ამ კანონპროექტთან დაკავშირებულ მსჯელობაში მონაწილეობდა, ეს საკითხი აღარ დაუსვამს დღის წესრიგში. საყოველთაო კონსენსუსია მიღწეული ასაკთან დაკავშირებით, ამაზე არავინ არ დაობს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
რაც შეეხება რეკომენდაციას, რომლის გათვალისწინება ვერ მოხდა და რომელიც გულისხმობს კანდიდატის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრებას, მასთან დაკავშირებით ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს, რომ ის შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციასთან.
„როგორც კი გასაჩივრების უფლება არსებობს, ერთვება უზენაესი სასამართლოს კონკრეტული რგოლი. სამკაციანი შემადგენლობა უზენაეს სასამართლოში წყვეტს იმ საკითხს, რამდენად კანონიერად გადაწყვიტა იუსტიციის საბჭომ ესა თუ ის საკითხი, ანუ გამოდის, რომ დამატებითი რგოლი, გარდა იუსტიციის საბჭოსი, ერთვება ამ პროცესში, რაც კონსტიტუციაში ჩვენ არსად არ გვიწერია, საერთოდ ერთი სიტყვაც კი, ერთი ფრაზაც კი არ არის კონსტიტუციაში ნათქვამი, რაიმე დამატებითი რგოლის ან გასაჩივრების შესახებ. გამოდის, რომ ერთ-ერთი მთავარი აქტორი ამ სისტემაში, სადაც მთავარი აქტორები არიან, ერთი მხრივ, იუსტიციის საბჭო და, მეორე მხრივ, საქართველოს პარლამენტი, უნდა გამოჩნდეს მესამე მონაწილე ამ პროცესისა, რომელიც კონსტიტუციაში არ წერია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, კონკრეტული ადამიანი, მოსამართლეობის კანდიდატი სწორად შეარჩია თუ არა იუსტიციის საბჭომ პარლამენტში წარსადგენად“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

კომენტარები

კომენტარი