ბიზნესომბუდსმენის აპარატმა საკომიტეტო მოსმენაზე ტრანზიტული საქონლის დაბეგვრის წესის ცვლილება მოითხოვა

0

„დღეს საკომიტეტო მოსმენაზე წარმოდგენილ კანონპროექტზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ გვაქვს რეკომენდაცია, რომ ტრანზიტული საქონელი საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის არცერთ ეტაპზე მოხვდეს დღგ-ს დაბეგვრის არეალში“, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ, გურამ გიორგაძემ განაცხადა.
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს საბაჟო კოდექსის“ კანონპროექტი და თანხმლები 29 კანონპროექტი განიხილეს, მათ შორის – კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.
ბიზნესომბუდსმენის მოადგილე განმარტავს, რომ ბიზნესომბუდსმენის აპარატი საქართველოში მოქმედ ბიზნესასოციაციებთან და სხვადასხვა საკონსულტაციო კომპანიასთან ერთად აქტიურად მუშაობს საგადასახადო ადმინისტრირებისა და დახვეწის მიმართულებით და აპარატს არაერთი რეკომენდაცია და შუამდგომლობა გვაქვს გაგზავნილი როგორც აღმასრულებელ, ისე – საკანონმდებლო ორგანოში.

ბიზნესომბუდსმენის აპარატს ტრანზიტული საქონლის დაბეგვრის წესის ცვლილების მოთხოვნით ოფიციალურად აქვს მიმართული საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისთვის.
„მიგვაჩნია, რომ, ტრანზიტის განმარტების შინაარსიდან გამომდინარე, ვინაიდან უცხოური საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გავლით გადაადგილდება საბაჟო კონტროლის ქვეშ, უნდა ჩაითვალოს, რომ საქონელი საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის ნებისმიერ ეტაპზე (გადმოტვირთვა, ჩატვირთვა და ა.შ.) განკუთვნილია ტრანზიტისთვის, მიუხედავად იმისა, თუ როდის გაიცემა აღრიცხვის მოწმობა“, – განაცხადა გურამ გიორგაძემ.

კომენტარები

კომენტარი