ლაშა იორდანიშვილი: ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად არაერთ სოციალურ პროექტზე ვიმუშავეთ

“ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად არაერთ სოციალურ პროექტზე ვიმუშავეთ”, – ამის შესახებ კომპანია “ფერის” გენერალურმა დირექტორმა, ლაშა იორდანიშვილმა პანკისში განვითარებულ მოვლენებზე კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, გასული წლის თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც პირველი პროტესტი გამოითქვა, სამუშაოები შეჩერდა და 13 თვეს მიმდინარეობდა მუხლჩაუხრელად მუშაობა თითოეულ ოჯახთან და კომპანია მაქსიმალურად ცდილობდა, გაეთვალისწინებინა მათი ყველანაირი მოთხოვნა, რაც შესაძლებლობებს არ აღემატებოდა.
“ჩვენ მშენებლობა რომ დავიწყეთ, იყო გასული წლის თებერვალი. გასული წლის თებერვლიდან მოყოლებული, როდესაც პირველი პროტესტი გამოითქვა, ჩვენ გავაჩერეთ სამუშაოები და ცამეტ თვეს მუხლჩაუხრელად ვიმუშავეთ თითოეულ ოჯახთან, მათ შექმნეს 30-კაციანი კრება, რომელთანაც მუდმივად ვმუშაობდით, ათეულობით შეხვედრა ჩავატარეთ, მეჩეთებში, სოფლის ცენტრებში, – მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ გაგვეთვალისწინებინა მათი ყველანაირი მოთხოვნა, რაც კი ჩვენს შესაძლებლობებს არ აღემატებოდა. ჩვენ ვიმუშავეთ ადგილობრივ მოსახლეობასთან სხვადასხვა სოციალურ პროექტზე, მათ შორის იყო ომალო-ბირკიანის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა, იქ იყო ხეობისთვის ფონდის შექმნა, რომელშიც ყოველწლიურად 120 000 ლარი შევიდოდა. იქ იყო, ასევე, უშუალოდ სოფელი ბირკიანი და ძიბახევი, სადაც ეს სადგური შენდებოდა, მათთვის ცალკე ფონდის შექმნა და მათთვის ცალკე სხვადასხვა ტიპის ვალდებულებების აღება”, – განაცხადა ლაშა იორდანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები