კომპანია “ფერი” მზად არის, პანკისის მოსახლეობასთან მოლაპარაკებები ხელახლა დაიწყოს
კომპანია “ფერი” მზად არის, პანკისის მოსახლეობასთან მოლაპარაკებები ხელახლა დაიწყოს. საგანგებო განცხადებით მედიას ცოტა ხნის წინ ჰესის მშენებელი კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მიმართა.
ლაშა იორდანიშვილის თქმით, კონსულტაციები ადგილობრივებთან 13 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა ხეობაში გარკვეული ძალები მიზანმიმართულად აწყობენ პროვოკაციას. ლაშა იორდანიშვილი ამბობს, რომ 13 თვეა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ხეობაში კი ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ.
პანკისში, სოფელ ძიბახევში პოლიციის დროებითი საგუშაგოს მონტაჟი მიმდინარეობს. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც 21 აპრილს მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.
ადგილზე მეოთხე დღეა, რჩება დაცვის 50-მდე პოლიციელი. ისინი 24-საათიანი რეჟიმით პოლიციურ კონტროლს ახორციელებენ. მიმდებარე ტერიტორიის ნაწილი ყვითელი ლენტით ისევ შემოსაზღვრულია.
21 აპრილს პანკისის ხეობაში მოქალაქეებმა ჰესის მშენებლობა გააპროტესტეს. პროტესტს პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. პანკისში მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სამედიცინო დახმარება სულ 55 ადამიანს დასჭირდა, მათ შორის 38 სამართალდამცველი და 17 ადგილობრივი იყო.