ნიკოლოზ მეტრეველი: რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები მიზანმიმართულად ცდილობენ, შექმნან დაძაბული ფონი

„კავკასიის ისტორიის გეოპოლიტიკისა და ეკონომიკური კვლევების ცენტრის“ დირექტორი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში პანკისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ვრცელ პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ, სენსიტიურ საკითხებზე სპეკულირებით, ცრუ ინფორმაციებზე დაფუძნებული პროპაგანდით ეთნიკური და რელიგიური შუღლი გააღვივონ.
„ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციები პანკისის ხეობაში მომხდარ ინციდენტში საქართველოს ხელისუფლებას ღიად და უპირობოდ ადანაშაულებენ. რაში გამოიხატა სახელმწიფოს დანაშაული? იქნებ მავანს სურდა 7 ნოემბრის ან 26 მაისის მსგავსი შიშითა და სიმხდალით შეზავებული მართლაცდა არაადეკვატური სისხლისღვრა და სისასტიკე ენახა პანკისის ხეობაშიც?!
ფაქტია, რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები მიზანმიმართულად ცდილობენ, შექმნან დაძაბულობის ფონი და სენსიტიურ საკითხებზე სპეკულირებით, ცრუ ინფორმაციებზე დაფუძნებული პროპაგანდით ეთნიკური და რელიგიური შუღლი გააღვივონ.
პანკისში ვითარების ესკალაციის მიზნით ზოგიერთმა არასამთავრობოებმა ისევე მოამზადეს ფონი, როგორც პირადობის მოწმობების გაყალბების შესახებ გავრცელებული ცრუ ინფორმაციებით ქალბატონმა გიგაურმა და სხვა არასამთავრობოებმა მოუმზადეს „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებისა და შემდგომი რევანშისტული ქმედებების საბაბი.
ზემოთქმულის სამწუხარო დასტურია პოლიტიკურ ძალებთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინფორმაციო საშუალებების ამ თემაზე გამოთქმული განცხადებები და გავრცელებული ინფორმაცია.
1. ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“ და პანკისის სათემო რადიო
აქვე აღსანიშნია, რომ ფონდმა „ღია საზოგადოება საქართველომ“ 2016 წელს პანკისის ხეობაში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდისა და ეროვნული უმცირესობის სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, მხარი დაუჭირა „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ პროექტს, რომლის ფარგლებშიც პანკისის ხეობაში სათემო რადიო შეიქმნა.
აღნიშნული რადიოს საქმიანობა კი პირდაპირი მნიშვნელობით გუშინ (21:04:2019 )მთელი დღის მანძილზე შემოიფარგლებოდა შესაძლო მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებით, რაც კიდევ უფრო ძაბავდა სიტუაციას და ახდენდა აგრესიის პროვოცირებას: საინტერესო აქცენტები მათი გუშინდელი ეთერიდან (რაც რეალურად დეზინფორმაცია გახლდათ):
21:04:2019
1. სათემო რადიო აპელირებს, რომ მოსახლეობა შეჩერდა, მაგრამ სპეცრაზმი მაინც არ წყვეტს სროლასო…
2. მალხაზ მაჩალიკაშვილი თბილისიდან მიდიოდა პანკისის ხეობაში, მაგრამ პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს შემოსვლის საშუალება – ასე თქვა პანკისის სათემო რადიოს კორესპონდენტმა;
3. სათემო რადიოს კორესპონდენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის პანკისში სროლა არის ორივე მხრიდან, პოლიცია არ ჩერდება და ძალით შეჰყავთ სპეციალური ტექნიკა;
4. სათემო რადიოს ჟურნალისტი ხაზს უსვამს, რომ ადგილზე არ არის მობილიზებული სამედიცინო დახმარების არცერთი მანქანა – როდესაც პირდაპირ ეთერში ვხედავდით, როგორ გაჰყავდათ სამედიცინო მანქანებს დაშავებულები;
5. სათემო რადიოს ჟურნალისტი ამბობს, რომ მოხდა რამდენიმე შემთხვევა, მოქალაქე არ უწევდა წინააღმდეგობას პოლიციას, მაგრამ ის მაინც დააკავეს.
22:04: ახლა ვნახოთ უკვე დღეს რა განცხადებებს აკეთებს სათემო რადიოს დამფუძნებელი და დირექტორი და რეგინფოს რედაქტორი გელა მთივლიშვილი.
გელა მთივლიშვილი – „ტვ-პირველის“ ეთერში:
• გუშინდელ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ის ცალსახად აცხადებს, რომ გუშინ რაც ვნახეთ, არ იყო პროტესტი მხოლოდ ჰესების წინააღმდეგ. ის ცდილობს, გამოკვეთოს მაჩალიკაშვილის თემის მნიშვნელობა. ცალსახად აცხადებს, რომ ერთი წელი გავიდა მაჩალიკაშვილის მკვლელობიდან და ხეობა ხედავს, რომ საქმე გამოუძიებელია, სახელმწიფო კი – არაადეკვატური. მთივლიშვილის თქმით, როდესაც მსგავსი საქმე გაქვს და კიდევ სპეცრაზმით შედიხარ ხეობაში, გაუმართლებელია;
• მთივლიშვილი ცალსახად აცხადებს, რომ გუშინდელი არ იყო ჩვეულებრივი ინციდენტი და რომ ეს იყო შეტაკება, ეს იყო ომი ხალხის წინააღმდეგ;
• მთივლიშვილი აპელირებს, რომ ჰესის მშენებლობა შექმნის წყლის პრობლემას ხეობაში და დაზარალდება ტურიზმიც, რომელიც ბოლო პერიოდში განვითარდა (სააკაშვილის მესიჯიც იგივე იყო);
არასამთავრობოების რეაქცია (მცირე ნაწილი) პანკისის მოვლენებზე.
• რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების გამოხმაურებას პანკისის მოვლენებთან დაკავშირებით, უნდა ითქვას, რომ, როდესაც იქ მთელი პროცესები ვითარდებოდა, რეალურად არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობდნენ პროცესის გამწვავებასა და გაგრძელებას.

• თამთა მიქელაძე „ტვ პირველთან“ საუბრისას ცდილობს ხაზგასმას, რომ ხელისუფლება მაჩალიკაშვილის ტრაგედიის შემდგომაც ვერ იაზრებს, როგორ უნდა ესაუბროს პანკისის ხეობას და იყენებს ძალას. ამასთანავე, საყურადღებოა მისი აქცენტი ნათია თურნავას მინისტრად დანიშვნასთან დაკავშირებით. ხაზს უსვამს, რომ ის იყო ბენდუქიძის ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის გამტარებელი. ამავე დროს, მისი თქმით, ის არის ენერგოლობისტების ინტერესების გამტარებელი ხელისუფლებაში და სწორედ მისი დანიშვნის შემდგომ დაიწყო ხელისუფლებამ რადიკალური პოლიტიკა ამ კუთხით.
• აქტივისტი სულხან ბორძიკაშვილი თელავში შეხვედრის ფორმატში აცხადებს, რომ შსს-ს მხრიდან იყო ზეწოლის ფაქტები. მისი თქმით, ჰესების წინააღმდეგ გამოსულ ადამიანებს იბარებდნენ პოლიციაში. ასევე, იყო მუქარა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებაც.
საბოლოო დასკვნის სახით კი შეგვიძლია ვთქვათ:
ხელისუფლების დასუსტება, ადგილობრივი მოსახლეობის პროვოცირება პანკისში თუ საქართველოს ნებისმიერ სხვა რეგიონში მხოლოდ და მხოლოდ იმ ძალების მიზნებს ემსახურება, რომლებიც ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განხორციელებასა და არეულობას ცდილობენ“, – წერს ნიკოლოზ მეტრეველი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები