23 აპრილს, წიგნის ჩუქების დღეს, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა უერთდება
„აირჩიე ადამიანი, ბიბლიოთეკა, სკოლა და „აჩუქე წიგნი“ – ასე ჰქვია კამპანიას, რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ და „ანაგრამამ“ წამოიწყო, რაც 23 აპრილს წიგნის ჩუქების დღედ გამოცხადებას გულისხმობს.
როგორც „კვირას“ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკიდან აცნობეს, ბიბლიოთეკა უერთდება გიორგი კეკელიძის ინიციატივას.
წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 24 აპრილს, 12 საათზე, ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა ეწვევა დაბა მახინჯაურის #1 საჯარო სკოლას (დირექტორი ცირა ქობულაძე).
24 აპრილს, 15 საათზე, ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა ეწვევა ქედის რაიონის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლას (დირექტორი თინა ცეცხლაძე); ასევე – შუახევის რაიონის სოფელ მაწყვალთისა და ოლადაურის სკოლებს.
„აჩუქე წიგნი“ – ინიციატივის ფარგლებში სკოლებს საჩუქრად წიგნები გადაეცემა.