მამუკა ბახტაძე: განსაკუთრებული პატივისცემით მსურს, პანკისში მცხოვრებლებს მივმართო, არასდროს არც ერთ რეგიონში არ განგვიხორციელებია პროექტი ისე, რომ არ ყოფილიყო დიალოგი მოქალაქეებთან
აგრესია ჩვენს სამართალდამცველებზე არის სრულიად მიუღებელი, აქედან გამომდინარე კანონის პასუხიც იქნება ადეკვატური, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პანკისში გუშინ განვითარებული მოვლენების შეფასებისას აღნიშნა.
როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, პანკისის ხეობაში ცხოვრობენ ნამდვილი პატრიოტი ადამიანი და მოქალაქეები.
„განსაკუთრებული პატივისცემით მსურს, პანკისის ხეობაში მცხოვრებლებს მივმართო. ჩვენ არასდროს არც ერთ რეგიონში, დასახლებულ პუნქტში, თუ სოფელში არ განგვიხორციელებია არც ერთი პროექტი ისე, რომ არ ყოფილიყო კონსულტაციები და დიალოგი მოქალაქეებთან, ეს არის ჩვენი ხელისუფლების ხელწერა. იცით, რომ ეს დიალოგი გრძელდება. მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სამართალდამცველებს, ყველას, ვინც გუშინ იღებდა მონაწილეობას, რადგან მათ კიდევ ერთხელ მოახდინეს დემონსტრირება თავისი მაღალი პროფესიონალიზმისა და ძალიან მაღალი დონის თავშეკავების. ჩემი აზრით, თავშეკავება ეს არის ძალიან მაღალი პროფესიონალიზმის ინდიკატორი. თითოეულ მათგანს კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო. გუშინაც და დღესაც ჩვენ მოვისმინეთ სრულიად უსაფუძვლო კომენტარები იმ ადამიანებისგან, რომლებიც შეიძლება შეცდომაში არიან შეყვანილი ან დაკავებული არიან ძალიან იაფფასიანი პოპულიზმით, თურმე საქართველოს არ სჭირდება ენერგეტიკის განვითარება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.