ლევან კობერიძე: 2006 წელს ჰესი პანკისში გაიხსნა და მაშინ მოსახლეობა არ იყო წინააღმდეგი და 2019 წელს წინააღმდეგია?

“ვიდრე ჰესების მშენებლობის პროცესი დაიწყება, მოსახლეობასთან საკითხის ძალიან დეტალურად გავლა და შეთანხმება უნდა მოხდეს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან კობერიძემ განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც საუბარია ელექტროენერგეტიკის სექტორზე, საჭიროა, ეკონომიკის სამინისტროს მიერ მწყობრი ხედვა და საქართველოში ენერგორესურსების ეფექტიან მართვაზე სამოქმედო გეგმის წარმოდგენა.
„ბოლო სამი მინისტრის პერიოდში ეს საკითხი მუდმივად დგას იმისთვის, რომ ჩვენ ის გეგმა განვიხილოთ, თუ სად და როგორ უნდა იყოს გამოყენებული ენერგორესურსები. ეს გეგმა თუ მკაფიო იქნება, დამტკიცდება და შემდეგ მოსახლეობისთვის თანამიმდევრულად ახსნილი იქნება, რომ ჩვენი ენერგოპოლიტიკა და ხედვა ასეთია. ვიდრე მშენებლობის პროცესი დაიწყება, მოსახლეობასთან ძალიან დეტალურად გავლა და შეთანხმება უნდა მოხდეს. მსგავსი მიდგომა ისეთ ინციდენტებს აგვარიდებს, რომელიც, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის მანძილზე ხდება. შემდეგ კი იწყება ეჭვების გამოთქმა, რომ ეს პროცესი მართულია თუ არა“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.
მისივე თქმით, მოსახლეობამ აუცილებლად უნდა იცოდეს, თუ სარგებელს მოუტანს ჰესის მშენებლობა. კობერიძე მიიჩნევს, რომ ადამიანები მშენებლობაზე დროებით რომ დასაქმდებიან, ეს საკმარისი არ არის. კობერიძე ამბობს, რომ მოსახლეობას არ აქვს იმის უფლება, რომ პოლიციელს ქვები დაუშინოს, რადგან ეს კანონსაწინააღმდეგოა.
„გიორგი გახარიადან დაწყებული, თითოეულ მინისტრის ხედვის წარდგენას ვთხოვდით. საქმე პოლიციის შეყვანამდე არ უნდა მიდიოდეს, მაგრამ ეს იმის შედეგია, რომ ასეთი თანმიმდევრული გეგმა უნდა გვქონდეს. კითხვას, პანკისში 5 მეგავატიანი ჰესი უნდა იყოს თუ არა, ამას ასე კონტექსტიდან ამოწყვეტილად პასუხი ვერ გაეცემა, თუ მთლიანი გეგმა არ იქნება. 2006 წელს, ჰესი პანკისში გაიხსნა და მაშინ მოსახლეობა არ იყო წინააღმდეგი და 2019 წელს წინააღმდეგია? – აუცილებლობაა გეგმისა და ხედვის, რადგან შემდეგ ყველას ექნება საშუალება, ხანგრძლივ პერიოდში მოსახლეობასთან მოლაპარაკებები დაიწყოს. მოსახლეობას უნდა აუხსნა, ჰესის მშენებლობით რა სარგებელი ექნება. ადამიანები მშენებლობაზე დროებით რომ დასაქმდებიან, ეს საკმარისი არ არის. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ჰესის საპირწონედ რა სარგებელი ექნება. პანკისში რაც მოხდა, იყო ან შეცდომების, ან არასწორი კომუნიკაციის შედეგი. არც მოსახლეობას არ აქვს იმის უფლება, რომ პოლიციელს ქვები დაუშინოს, ეს კანონსაწინააღმდეგოა, თუმცა სპეცრაზმის გამოჩენა მიგვანიშნებს, რომ ჰესების თემაზე მუშაობისა და მსჯელობის დროს რაღაც შესაცვლელია“, – აღნიშნა კობერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები