“ვენეციის კომისიის რეკომენდაცია მოსამართლეთა არჩევის ფარული კენჭისყრის წესზე ერთგვარ უხერხულობას ქმნის”

0

მმართველმა გუნდმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის საკითხზე ვენეციის კომისიის ხუთი რეკომენდაციიდან მხოლოდ ერთი არ გაითვალისწინა.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
„პარლამენტში წარმოთქმულ საპრეზიდენტო სიტყვაში გამოვხატე პოზიცია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა უნდა ემყარებოდეს ისეთ კრიტერიუმებს, რომ პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭირვალე და, ამავე დროს, უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ ერთ მიზანს – არჩეულ იქნას საზოგადოების მხრიდან ძლიერი ნდობით აღჭურვილი მაღალი რეპუტაციის მოსამართლეები. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ შეიმუშავა ხუთი ძირითადი რეკომენდაცია. პირველ ეტაპზე, მხოლოდ ერთი რეკომენდაცია იქნა გათვალისწინებული, რომელიც მოსამართლეების გამოცდის გაუქმებას ეხებოდა. ამ ცვლილებამ, ჩვენი აზრით, ვერ მოახერხა ვერც დაძაბული სიტუაციის განმუხტვა, ვერც სასამართლოს ნდობის გაძლიერება შექმნილ გარემოში და ვერც ვენეციის კომისიის ძირითად ევროპულ პრინციპებს აკმაყოფილებდა.
ამ შეფასებიდან გამომდინარე, ჩავერთეთ მეორე მოსმენის პროცესში და ჩავატარეთ კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან. ამ კონსულტაციების შედეგი მიღწეულია. დამატებით გათვალისწინებულ იქნა სამი რეკომენდაცია – მოსამართლეების კანდიდატებზე მიღებულ იქნა სრული პერსონალური ინფორმაციის გაცემის საშუალება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც ამავე დროს არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, ვეღარ ისარგებლებს სხვა კანდიდატის შეფასებისა და ხმის მიცემის უფლებით, პროცედურის ვერც ერთ ეტაპზე და მესამე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის წესი, მისი კანდიდატის წარდგენა ერთის ნაცვლად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამ წევრს შეუძლია. ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც არ იქნა ამ ხუთი რეკომენდაციიდან გათვალისწინებული, ეხება მოსამართლეთა არჩევის ფარული კენჭისყრის წესს. უნდა აღვნიშნო, რომ ვენეციის კომისიის ეს რეკომენდაცია ქმნის ერთგვარ უხერხულობას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი