სესიაშვილი პანკისის მოვლენებზე: მოვუწოდებ ყველას, რომ ცხელ გულზე დასკვნებისა და შეფასებებისგან თავი შეიკავოს

“მოვუწოდებ ყველას, რომ ცხელ გულზე დასკვნებისა და შეფასებებისგან თავი შეიკავოს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა პანკისის ხეობაში გუშინ განვითარებულ პროცესებზე საუბრისას განაცხადა.
„მოვუწოდებ ყველას, რომ ცხელ გულზე დასკვნებისა და შეფასებებისგან თავი შეიკავოს. ამას სჭირდება გამოძიება და დადგენა, რას რა მოჰყვა. ფაქტია, რომ, პირველ ეტაპზე, კომპანიის საქმიანობის უსაფრთხოების მიზნით, იქ 35 ადგილობრივი პოლიციელი იყო ჩასული. მათ თავისი ძალა მოსახლეობის მიმართ არ გამოუყენებიათ. პირიქით, სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა პროტესტის არასწორი ფორმით გამოხატვას გარკვეული ჯგუფების მხრიდან, რამაც, საბოლოოდ, სპეცრაზმის ჩართვის აუცილებლობა გამოიწვია.
გარდა იმისა, რომ კომპანია მოსახლეობასთან აწარმოებდა მოლაპარაკებას თუ რას სთავაზობდა, ვიცეპრემიერით დაწყებული, მინისტრებით გაგრძელებული და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, მოსახლეობასთან მუდმივად მიმდინარეობდა კომუნიკაცია და ხდებოდა აზრთა გაცვლა ამ პროექტის ღირებულებებსა თუ რისკებთან დაკავშირებით. მოსახლეობა ამ მხრივ ინფორმირებული იყო, თუმცა რა გახდა უშუალოდ ამ ჯგუფის მიერ აგრესიის გამოვლინების საფუძველი, ეს ის კითხვაა, რომელზეც გამოძიებამ შეიძლება, გაგვცეს პასუხი.
თუ ვსაუბრობთ, რომ გვინდა დემოკრატიული სახელმწიფო, დემოკრატიული სახელმწიფო მათ შორის გულისხმობს, რომ ეს უნდა იყოს სამართლებრივი სახელმწიფო. თუ ვინმემ რამე კანონი დაარღვია, მას ამისთვის პასუხი უნდა მოეთხოვოს და დაისაჯოს კანონის შესაბამისად. მე თუ რამე არ მინდა, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ ქვა უნდა გესროლოთ. თუ თქვენ რამე არ მოგწონთ, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენი გადაწყვეტილება არის სწორი. არსებობს გონიერების ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. თუ ასე მე არ მომწონს, ეს არ უნდა განხორციელდეს და მერე ქვა უნდა ვისროლო, ეს სახელმწიფო წინ ვერასდროს   წავა“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები