ირაკლი კობახიძე “ევროპული საქართველოს” მოთხოვნაზე: ვფიქრობ, რომ ასეთი ინიციატივა რისკისშემცველია

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პარტია “ევროპული საქართველოს” მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტს, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობიდან საბჭოს სამი არამოსამართლე წევრის: ლევან გზირიშვილის, ზაზა ხარებავასა და შოთა ქადაგიძის გამოწვევას ითვალისწინებს, რისკისშემცველს უწოდებს.
კობახიძის თქმით, ინიციატივა, საბოლოოდ, იძლევა თვითნებობისა და იმის შესაძლებლობას, რომ ნებისმიერ დროს პოლიტიკურმა პირებმა მოახდინონ ზემოქმედება იუსტიციის საბჭოს წევრებზე.
პარლამენტის თავმჯდომარე საბჭოდან აღნიშნული წევრების გამოწვევის საფუძველს ვერ ხედავს.
“იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის გამოწვევა შეიძლება მხოლოდ საქმიანობის არაჯეროვანი შესრულებისთვის. “არაჯეროვანი შესრულება” რა არის, ეს არის განმარტებული სხვადახვა სფეროში, მათ შორის – ადმინისტრაციულ სამართალში. რასაც თქვენ ამბობთ, ეს არ არის არაჯეროვანი შესრულება. თუ გავყვებით ჩვენ ასე, მაგალითად, ხვალვე შეიძლება, ანა დოლიძე გამოიწვიოს საქართველოს პრეზიდენტმა. მოვალეც არის, რომ გამოიწვიოს, ვინაიდან ის მუდმივად არღვევს იმ სტანდარტებს, რაც წარდგენილია სასამართლო ხელისუფლებისათვის. ის პირდაპირი ფორმით არის ჩართული პოლიტიკურ დებატებში და არა მარტო ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება სასამართლო ხელისუფლებას. ვფიქრობ, რომ ასეთი ინიციატივა რისკისშემცველია იმიტომ, რომ, საბოლოოდ, იძლევა თვითნებობისა და იმის შესაძლებლობას, რომ ნებისმიერ დროს პოლიტიკურმა პირებმა მოახდინონ ზემოქმედება იუსტიციის საბჭოს წევრებზე და ნებისმიერი წევრი იუსტიციის საბჭოსი მუდმივად იქნება რისკის ქვეშ. იმიტომ წერია კანონში, რომ მხოლოდ არაჯეროვანი საქმიანობა არის გამოწვევის შესაძლებლობა, რომ თვითნებურად არ მოიქცეს პარლამენტი ან პრეზიდენტი. დღეს საფუძველი არ არის გამოწვევისთვის იმიტომ, რომ არაჯეროვან საქმიანობას არ ჰქონია ადგილი. მე მგონია, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ანა დოლიძე მუდმივად არღვევს სასამართლო ხელისუფლების სტანდარტს, პრეზიდენტს არ აქვს მისი გამოწვევის საფუძველი. ის უხეშად არღვევს კანონით გაწერილ უფლებებს, თუმცა ეს მაინც არ არის საქმის არაჯეროვანი შესრულება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები