“ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ მოხდეს ჩარევა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში” – მიქაუტაძე “ევროპული საქართველოს” მოთხოვნაზე
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი მიქაუტაძე პარტია “ევროპული საქართველოს” მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტს, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობიდან საბჭოს სამი არამოსამართლე წევრის: ლევან გზირიშვილის, ზაზა ხარებავასა და შოთა ქადაგიძის გამოწვევას ითვალისწინებს, არარეალურსა და უსაფუძვლოს უწოდებს.
“მოთხოვნა არის აბსოლუტურად არარეალური და უსაფუძვლო. მეტსაც ვიტყოდი, რომ ერთი კონკრეტული გადაწყვეტილების გამო საკითხის დაყენება – ჯეროვანი და არაჯეროვანი შესრულებისა, ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება და ის ადამიანები, რომლებსაც შეიძლება, ასე დეტალებში არ ესმოდეთ ეს ტერმინები. წარმოუდგენელი რაღაცაა, რომ ერთ გადაწყვეტილებას ადამიანმა დაუჭიროს მხარი, ან უარი თქვას ამ გადაწყვეტილების მხარდაჭერაზე და ამის გამო დადგეს საკითხი მის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის ჯეროვნად თუ არაჯეროვნად დასრულებაზე. ეს არის, ისევ და ისევ, პოლიტიკური საკითხი, გაგრძელება იმ ხაზისა, რომელსაც ძალიან დიდი ხანია, ვუყურებთ ჩვენ. ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ მოხდეს ჩარევა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში და კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღებოდეს არა საბჭოს მიერ დამოუკიდებლად, არამედ – სწორედ ამ გარე მითითებების საფუძველზე, რისი დიდი მცდელობაც არსებობს ბოლო პერიოდის განმავლობაში”, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.