კომპანია „ფერის“ წარმომადგენელი, მათე ქავთარაშვილი აცხადებს, რომ პანკისის ხეობაში მცირე ჰესის მშენებლობა გარემოს ზიანს ვერ მიაყენებს.
მისი თქმით, საკითხთან დაკავშირებით არაერთი შეხვედრა გაიმართა, სადაც მოსახლეობის უმეტესობა აცხადებდა, რომ ჰესის მშენებლობა მათთვის მისაღები იყო.
“მე რა დოკუმენტაციასაც გავეცანი, საკმაოდ მცირე ზომის ჰესია, მისი სიმძლავრე 5 მგვტ-ია. რაც შეეხება გარემოზე ზემოქმედებას – ნებისმიერი ქმედება გარემოზე ზემოქმედებას წარმოადგენს, მაგრამ ეს ჰესი რაიმე მნიშვნელოვან ზიანს ვერ მიაყენებს გარემოს – პროექტის ფარგლებში არცერთი ხე იჭრება, მილების ჩალაგება ხდება მდინარე ალაზნის არსებულ კალაპოტში. კალაპოტში საკმაო რაოდენობის წყალი რჩება. ძალიან ბევრი შეხვედრა გაიმართა საკითხთან დაკავშირებით, შესაბამისი პროფილის მინისტრებიც იყვნენ, კომპანიის წარმომადგენლებიც და დეტალურად მიმდინარეობდა საკითხის გარშემო მსჯელობა, მათ შორის – კითხვა-პასუხის რეჟიმშიც. ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო მასში მონაწილეობის მიღება. კომპანიის წარმომადგენლებმა ის საკითხები, რაც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებდა, მაქსიმალურად გაითვალისწინეს, მაგალითად – მაღალი ძაბვის ხაზების გადატანა, სასმელი წყლის ახალი ქსელის გაყვანა, პანკისის ხეობის ფონდში 120 ათასი ლარის შეტანა. ამ ყველაფერს მოსახლეობის დიდი ნაწილი დადებითად შეხვდა, მაგრამ გუშინდელმა მოვლენებმა გვანახა, რომ რაღაც მოხდა და ამ პროექტის წინააღმდეგ გამოვიდნენ”, – განაცხადა მათე ქავთარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობაში კომპანიები „ალაზანი ენერჯი” და „ფერი” მცირე ჰესის – „ხადორი – 3″-ის სამშენებლო სამუშაოებს იწყებენ. ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება. ჰესის მშენებლობა 12 თვეში დასრულდება და მისი წლიური გამომუშავება 27,5 მილიონი კლვტ/სთ იქნება.