დავით ნარმანია წიგნის ფესტივალს ეწვია
კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია „ექსპო-ჯორჯიაში“ გამართულ წიგნის ფესტივალს ეწვია. მან საოჯახო ბიბლიოთეკისთვის საბავშვო ლიტერატურა და ბასა ჯანიკაშვილის პიესების კრებული შეიძინა. ფესტივალის ორგანიზატორებთან საუბრისას დავით ნარმანიამ ყურადღება ბიბლიოთეკების განვითარებაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ დაგეგმილია მისი შეხვედრა გამომცემლებთან. მისივე თქმით, აუცილებელია, წიგნის ფასი ხელმისაწვდომი იყოს, რათა ქვეყანას მეტი განათლებული და წიგნიერი ახალგაზრდა ჰყავდეს.
„აუცილებელია, რომ ბიბლიოთეკების განვითარებაზე ვიზრუნოთ, ძალიან ბევრი ბიბლიოთეკის მდგომარეობა დღეს არ არის დამაკმაყოფილებელი, არ ვითარდება, არ მარაგდება წიგნებით, აქედან გამომდინარე, ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ ამ საკითხებზე და მუნიციპალურ ბიბლიოთეკებს განვავითარებთ“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
დავით ნარმანიას თქმით, აუცილებელია წიგნის ფესტივალი რეგიონული მნიშვნელობის გახდეს და თბილისი ევროპული ტიპის კულტურულ დედაქალაქად იქცეს. გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული წიგნის ფესტივალი მეთექვსმეტედ ტარდება და მასში ქართველი და უცხოელი გამომცემლები მონაწილეობენ.