გიორგი გახარია: პოლიციას ვერავინ ვერასდროს შეუზღუდავს არეალს, დილით ადგილობრივებმა აქ პირველი წინააღმდეგობა გაუწიეს 35 პოლიციელს

0

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პანკისის ხეობაში დღეს განვითარებულ მოვლენებზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. გიორგი გახარიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერავინ ვერასდროს შეუზღუდავს არეალს, სამინისტრო როდესაც ჩათვლის, რომ მის თანამშრომლებსა და საქართველოს მოქალაქეებს ემუქრებათ საფრთხე, იმოქმედებს ისე, როგორც საჭიროა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, თითოეული ძალოვანი, რომელიც დღეს პანკისის ხეობაში დგას, იცავს ყველას, მათ შორის სოფელ ბირკიანის მოსახლეობის ინტერესსაც.

მინისტრის თქმით, პანკისის ხეობაში დამატებითი ძალები შეიყვანეს მაშინ, როდესაც დილით, ადგილობრივები 35 ფორმიან პოლიციელს დაუპირისპირდნენ. შემდგომ სიტუაცია დარეგულირდა, დაიწყო მოლაპარაკებები და ამ მოვლენების პარალელურად,  კონფლიქტი გამწვავდა და  მწვავე ფაზაში შევიდა.

„შსს-ს ოფიციალურად მიმართა ეკონომიკის სამინისტრომ, რომ აქ იწყებოდა გარკვეული სამუშაოები და უსაფრთხების დაცვის მიზნით, ითხოვეს მათი მხარდაჭერა. ამიტომ დილით, როდესაც მშენებლები აქ ამოვიდნენ, მათ ამოჰყვათ 35 პოლიციელი. მას შემდეგ, რაც მოხდა მათზე თავდასხმა და დაუშინეს ქვები, რა თქმა უნდა, სამინისტრო იყო იძულებული, მოეხდინა ძალების მობილიზება.

დამატებითი ძალების მობილიზების აუცილებლობა იყო იმიტომ, რომ შსს ვალდებულია ყველგან, მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, დაიცვას მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ვერავინ ვერასდროს შსს-ს ვერ შეუზღუდავს არეალებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო როდესაც ჩათვლის, რომ მის თანამშრომლებსა და საქართველოს მოქალაქეებს ემუქრებათ საფრთხე, იმოქმედებს ისე, როგორც საჭიროა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი