სოფო კილაძე: არეულობა და დაპირისპირება მხოლოდ ჩვენი შიდა და გარე მტრის წისქვილზე ასხამს წყალს

0

“ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, მათ შორის, პოლიციელსაც. მიუღებელია ის ძალადობა, რაც ვიხილეთ”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე სოციალურ ქსელში წერს.
კილაძე პანკისის ხეობაში განვითარებულ პროცესებს ეხმაურება. დეპუტატი ფიქრობს, რომ გარკვეულმა მტრულმა ძალებმა მოსახლეობის უკმაყოფილება სათავისოდ და სიტუაციის ესკალაციისთვის გამოიყენეს.
“პანკისში განვითარებული მოვლენები არის ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელი. ერთი მხრივ, ადამიანის უფლებები ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტია. თუ მოსახლეობის ნაწილს აქვს პროტესტი ჰესთან დაკავშირებით, უნდა მოვუსმინოთ და შევეცადოთ, დავარწმუნოთ მისი აშენების აუცილებლობაში. მეორე მხრივ, არსებობს სახელმწიფო ინსტიტუტები და მათი პატივისცემა სწორედ ჩვენი ქვეყნის ინტერესშია. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, მათ შორის პოლიციელსაც.
მიუღებელია ის ძალადობა, რაც ვიხილეთ. ვფიქრობ, შეიძლებოდა ამ დაპირისპირების თავიდან აცილება. მაქვს განცდა, რომ გარკვეულმა მტრულმა ძალებმა მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიყენეს სათავისოდ და სიტუაციის ესკალაციისთვის. არეულობა და დაპირისპირება მხოლოდ ჩვენი შიდა და გარე მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. ბეწვის ხიდზე გავდივართ. მე მჯერა ჩვენი საზოგადოების გონიერების. ყველა პრობლემის მოგვარება შეიძლება მშვიდობიანი გზით, მთავარია, ეს მოვინდომოთ”, -წერს სოფო კილაძე.
პანკისის ხეობაში მოქალაქეები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. მშენებლობა დღეს უნდა დაწყებულიყო. პროტესტს პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. და­ზი­ან­და როგორც პოლიციის, ასევე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის კუთ­ვნი­ლი მან­ქა­ნე­ბი.

კომენტარები

კომენტარი