ვახტანგ ჭარაია: სამწუხაროდ, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს შესაბამისად ვერ აცნობიერებს

0

„ენერგეტიკა ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალია და მის გამართულ ფუნქციონირებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ენერგოიმპორტიორი ქვეყნისათვის, რომელსაც ახლო მომავალში ამ მხრივ შესაძლოა, სერიოზული პრობლემები შეექმნას, ადგილობრივ მოთხოვნასა და წარმოებას შირის დისბალანსის მნიშვნელოვანი გაუარესების გამო,”- ასე ეხმიანება ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ვახტან ჭარაია პანკისის ხეობაში მცირე ჰესის – “ხადორი-3″-ის მშენებლობის თემას.
ექსპერტს ამის მაგალითად, 2018 წელს მოხმარებული ელექტროენერგია მოჰყავს, როდესაც მისი თქმით, ენერგომოხმარების 20% იმპორტირებული იყო და მისი დინამიკა მზარდია.
„სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს შესაბამისად ვერ აცნობიერებს. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა უკვე არათუ დიდი, არამედ მცირე ჰესების მშენებლობასაც კი აპროტესტებს, რომელმაც ქვეყნის სტაბილურობა, ათეულობით მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციების მოზიდვა, ათეულობით და ასეულობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნა და ბოლო-ბოლო, უწყვეტი ელექტროენერგიის მიწოდება უნდა უზრუნველყოს, სწორედ ამ ქვეყნის მოქალაქეების საკეთილდღეოდ”,- აცხადებს ვახტანგ ჭარაია.
ამასთან, ექსპერტს მიაჩნია, რომ ფაქტია, ამ მიმართულებით, მოსახლეობასთან მეტი მუშაობა და მეტი ინფორმირებაა საჭირო. სახელმწიფომ თავიდან უნდა აიცილოს თუნდაც იძულებითი, ძალისმიერი მეთოდების გამოყენებაც, რადგანაც ამან შესაძლოა, უფრო მეტი დაუსაბუთებელი აგრესია გამოიწვიოს, ისევ და ისევ ჰესების მიმართ, რაც საბოლოო მიზნის – ენერგოუსაფრთხოების მიღწევას შეუშლის ხელს და რისკის ქვეშ დააყენებს მთლიანად ქვეყნის განვითარების შესაძლებლობას. ექსპერტის აზრით, ენერგოუსაფრთხოებას ალტერნატივა არ გააჩნია.

კომენტარები

კომენტარი