უმალავს თუ არა მარნეულის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატი ამომრჩეველს ქონებას – რა წერია აკმამედ იმამკულიევის დეკლარაციაში
ქონების დამალვისთვის 2018 წელს ერთხელ უკვე დაჯარიმებული მერობის ოპოზიციონერი კანდიდატი შესაძლოა, კიდევ ერთხელ დაჯარიმდეს. აკმამედ იმამკულიევი, რომელიც მარნეულში მერობის რიგგარეშე არჩევნებში კენჭს გაერთიანებული ოპოზიციის სახელით იყრის, ამომრჩეველს საცხოვრებელ სახლს უმალავს, ყოველ შემთხვევაში, იმამკულიევის მიერ 2019 წლის 30 იანვარს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საცხოვრებელი სახლის შესახებ არაფერი წერია.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, იმამკულიევი მეუღლესთან, დედასთან და ოთხ შვილთან ერთად, მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მემკვიდრეობით მიღებულ 600 კვადრატულ მიწის ნაკვეთზე ცხოვრობს. ჰყავს 17 ათასი დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილი – ტოიტა ქამრი და ფლობს 22 000-ლარიან დავალიანებას ბანკში. ამავე დეკლარაციის მიხედვით, აკმამედ იმამკულიევმა, რომელიც ამავდროულად, მარნეულის საკრებულოს წევრია, 2018 წელს, ანაზღაურების სახით, 19 519 ლარის შემოსავალი მიიღო. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით კი აკმამედ იმამკულიევი მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ფლობს. ადგილზე მისულებს ამას იმამკულიევის მეუღლეც და მეზობლებიც გვიდასტურებენ. სახლის არსებობას არ უარყოფს მერობის ოპოზიციონერი კანდიდატიც, თუმცა ამბობს, რომ მას ქონებრივ დეკლარაციაში სახლის ჩაწერის ვალდებულება არ აქვს.
იმის გასარკვევად, არის თუ არა თანამდებობის პირის მიერ დეკლარაციაში საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შესახებ ნაწილობრივი ინფორმაციის ჩაწერა კანონთან შესაბამისობაში, “კვირა” ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს (IDFI) დაუკავშირდა.
როგორც IDFI-ს წარმომადგენელმა, გოგა თუშურიშვილმა განგვიმარტა, აღნიშნული ფაქტი ცალსახად კანონდარღვევაა და ის საჯარო სამსახურის ბიუროს მონიტორინგის სამსახურმა უნდა გამოიკვლიოს.
“საქმე გვაქვს ან კანონის გვერდის ავლასთან ან უცოდინრობასთან. ეს ფაქტი უნდა გამოიკვლიოს საჯარო სამსახურის ბიუროს მონიტორინგის სამსახურმა, რის საფუძველზეც გადაწყდება, დააჯარიმებენ თუ არა მას. თუმცა, კანონით, ეს ცალსახად არის დარღვევა, რადგან როდესაც თანამდებობის პირი ფლობს სახლს და მიწის ნაკვეთს და ეს დასტურდება თუნდაც, საჯარო რეესტრის ამონაწერით, მაშინ დეკლარაციაში ეს აუცილებლად უნდა იყოს ასახული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არის კანონდარღვევა, რომელიც ითვალისწინებს 1000-ლარიან ჯარიმას”, – განაცხადა გოგა თუშურაშვილმა.
ცნობისთვის, აკმამედ იმამკულიევი თურქმენეთში, კერძოდ კი ჩარჯოუში 1980 წლის 12 აგვისტოს დაიბადა. იმამკულიევი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ორჯერ იღებდა, თუმცა ორჯერვე ხელისუფლების კანდიდატთან დამარცხდა.