„ძალიან კარგად ვიცი, რა დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, მათგან მთავარი გამოწვევა არის სიღარიბის დაძლევა”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, რომელიც მთავრობის სხდომის შემდეგ გაიმართა.
აღნიშნულ სხდომას ნათია თურნავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის რანგში პირველად დაესწრო.
„ჩვენ გვაქვს საკმაოდ დინამიკური ეკონომიკური ზრდა. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პროგრესი საერთაშორისო ფინანსური რეიტინგების თვალსაზრისით, გვაქვს არაჩვეულებრივი მიღწევები რეგიონში ეკონომიკური ინტეგრირების თვალსაზრისით. მაგრამ მთავარი, რასაც გავაკეთებთ, ესაა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის შედეგად მიღებული სიკეთის მიტანა თითოეულ ოჯახამდე, მცირე და საშუალო ბიზნესამდე. სწორედ ეს დავალება მივიღე პრემიერმინისტრისგან”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მადლობა გადაუხადა პრემიერმინისტრსა და მმართველ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის.
„ჩემთვის მართლაც ძალიან დიდი პატივია ის ნდობა, რაც გამომიცხადა მმართველმა გუნდმა და პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ. მე სათავეში ჩავუდექი ეკონომიკის სამინისტროს, რომელიც ჩემთვის უცხო უწყება არ არის“, – აღნიშნა თურნავამ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ასევე, ყურადღება სამომავლო გეგმებზე გაამახვილა.
„ძალიან მოკლე ვადა გვაქვს, რათა ძალიან ამბიციური გეგმები განვახორციელოთ. ჩვენ დავსახეთ სტრატეგიები და ამოცანები, ახლა მთავარია ამ სტრატეგიების ოპერატიული მართვა, ყველა ამოცანის დადგენილ დროში აღსრულება. მე ჩემი გამოცდილება, ჩემი მენეჯერული უნარი, რომელიც მრავალწლიან გამოცდილებას მოიცავს, მინდა, ამ საქმეს მოვახმარო. ეს იქნება ჩემი კონტრიბუცია ჩვენი ერთიანი ეკონომიკური გუნდის საქმეში”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.