29 წარმატებული სტაჟიორი პროკურორისა და პროკურატურის გამომძიებლის ვაკანტურ პოზიციაზე დაინიშნა

საქართველოს პროკურატურის ორგანოებში ერთწლიანი სტაჟირების პროცესის გავლის შემდეგ, საუკეთესო მონაცემების მქონე 29 სტაჟიორი პროკურორისა და გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობებზე დაინიშნა.
როგორც “კვირას” პროკურატურიდან აცნობეს, ახალდანიშნულ პროკურორებსა და გამომძიებლებს საქართველოს გენერალური პროკურორი, შალვა თადუმაძე მოადგილეებთან ერთად შეხვდა. გენერალურმა პროკურორმა მონაწილეებს სტაჟირების ეტაპის დასრულება მიულოცა და შემდგომ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
„გპირდებით, რომ თქვენი კარიერული წინსვლა დაიგეგმება სწორად და მორგებული იქნება თქვენს პასუხისმგებლობაზე, ცოდნაზე და მიღებულ გამოცდილებაზე. გისურვებთ წარმატებებს იმ უმნიშვნელოვანეს საქმეში, რასაც სასამართლო დარბაზში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ჰქვია“, – განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ.
ახალდანიშნულ პროკურორებთან შეხვედრას, ასევე, სტაჟირების გავლის კომისიის წევრები ესწრებოდნენ.

2018-2019 წლებში საქართველოს პროკურატურის ტერიტორიულ ორგანოებსა და შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფებში სტაჟირება სულ 60-მა პირმა გაიარა. ისინი 2017 წელს ჩატარებული 3-ეტაპიანი კონკურსის შედეგად შეირჩნენ. მონაწილეებმა, სტაჟირების პროცესის პრაქტიკული ეტაპის დაწყებამდე, 2-თვიანი ინტენსიური მომზადების კურსი დაასრულეს. ერთწლიანი სტაჟირების ფარგლებში კი თითოეული სტაჟიორი პროკურორისა და გამომძიებლის უფლებამოსილებას ახორციელებდა და პროფესიულ უნარ-ჩვევებს ეუფლებოდა. წარმატებული კანდიდატები საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის კომისიამ გასაუბრების შედეგად შეარჩია. გადაწყვეტილების მიღების პროცესში გათვალისწინებული იყო მათ მიერ გაწეული საქმიანობა, სტაჟირების ხელმძღვანელების შეფასებები, გავლილი ტრენინგები და გამოცდები. ბოლო წლების განმავლობაში პროკურატურის ორგანოებში სტაჟირება 600-ზე მეტმა პირმა გაიარა. დღეისათვის საქართველოს პროკურატურაში პროკურორებისა და გამომძიებლების 50%-ზე მეტი სტაჟირების გზით არის დასაქმებული, მათ შორის, მენეჯერულ პოზიციებზე. სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის მთავარ მიზანს ღია კონკურსის გზით საუკეთესო კადრების შერჩევა წარმოადგენს. პროკურატურის სისტემაში ახალი კადრების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები კანდიდატის პროფესიული ცოდნა, უნარები და მაღალი მოტივაციაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები