მთავრობის წარმომადგენლები პანკისის ხეობაში მოსახლეობას შეხვდნენ

„პანკისის ხეობის განვითარების გეგმა ითვალისწინებს როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკული მიმართულების პროექტების განხორციელებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოსახლეობა მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული ყველა იმ პროექტის შესახებ, რომლის განხორციელებასაც სახელმწიფო გეგმავს“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პანკისის ხეობაში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა.
დღეს პანკისის ხეობაში მოსახლეობასთან შესახვედრად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა და კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი ჩავიდნენ.
მთავრობის წევრებმა, უხუცესთა და ქალთა საბჭოების წევრებს, ხეობის მკვიდრ ახალგაზრდებს მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, მათ შორის, სოფლის მეურნეობის და წარმოების განვითარების მიმართულებით არსებულ სახელმწიფო პროგრამებზე, ენერგეტიკულ და ტურისტულ პოტენციალზე და გარემოს დაცვის საკითხებზე მიაწოდეს ინფორმაცია.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობასთან დაკავშირებით არსებობს შესაბამისი უწყებების კომპეტენტური დასკვნები. მნიშვნელოვანია აღნიშნულ დასკვნებზე მოსახლეობის წვდომისა და სწორი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა უზრუნველყოფილი იყოს, რათა კომუნიკაციის მიმართულებით ხარვეზმა ხეობის განვითარების პროცესი არ შეაფერხოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები