ზურაბიშვილი: მოსამართლეთა “კლანზე” უარის თქმა იგივეა ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ მან უარი თქვას პირად ძალაუფლებაზე

“მოსამართლეთა “კლანზე” უარის თქმა იგივეა ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ მან უარი თქვას პირად ძალაუფლებაზე”, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ზურაბიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ივანიშვილმა გადაწყვიტა, გაეკონტოლებინა სისტემა; შეარჩია ადამიანები, რომელთაც მოსამართლეთა კორპუსში ჰქონდათ გავლენები – ესენი იყვნენ ბატონი ჩინჩალაძე და მურუსიძე. დაიახლოვა ისინი, უთხრა, ჩაგაბარებთ ამ საქმეს და მიხედეთო. იმათაც მიხედეს.
ბევრს უკვირს, რად უნდა ივანიშვილს მურუსიძე, ჩინჩალაძე. ასეთი ხალხი რომ არ ჰყავდეს, ხომ შეიძლება, ვინმე სხვა იპოვოსო? ვერ იპოვის ვერავის, ესაა საქმე. ვინ უნდა იპოვოს? თუ ამოვდივართ იქედან, რომ ივანიშვილს აქვს უფლება, მისი მორჩილი მოსამართლეები ჰყავდეს, თუ ამას ვინმე საერთოდ ვუშვებთ, მაშინ სწორად იქცევა. უნდა ჰყავდეს ის ხალხი, ვინც მიჩვეულია და დაოსტატებულია ბრძანებების შესრულებაში. აბა, ახლები სად ეძებოს? სად გამოზარდოს? წლები უნდა ამას. აგერ, გამზადებული ხალხია, გამოცდილია საქმეში. ივანიშვილი ამას არ შეეშვება. ვენეციის კომისია კი არა, მთელი მსოფლიო იურისტების ასოციაცია რომ ჩამოვიდეს და თავზე დაადგეს, მაინც არ შეწყვეტს ამას. ამ “კლანზე” უარის თქმა იგივეა ივანიშვილისთვის, რომ მან პირად ძალაუფლებაზე თქვას უარი”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები