გორში საცხოვრებელი ფართით 180 სამხედრო მოსამსახურე დაკმაყოფილდება (ფოტოკოლაჟი)

თავდაცვის უწყება, კონტრაქტის საფუძველზე, სამხედრო მოსამსახურეებზე ბინების საკუთრებაში გადაცემის პროცესს აგრძელებს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას გადაწყვეტილებით, გორში საცხოვრებელი ფართით 180 სამხედრო მოსამსახურე დაკმაყოფილდება. მშენებლობის დასრულების პროცესი სექტემბრამდე იგეგმება.
როგორც “კვირას” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, დღეს ბინების მშენებლობის პროცესს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი ბუთხუზი გაეცნო, მან ტერიტორია დაათვალიერა და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებისგან ინფორმაცია მიიღო.
“გორში 5 ერთეული 5-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. საცხოვრებელი ბინების ჩაბარებამდე გალამაზდება გარე პერიმეტრი, მოეწყობა პარკირება, ყველა კორპუსთან იქნება პანდუსები, დაიგება და მოპირკეთდება კორპუსებამდე მისასვლელი გზაც.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, კონტრაქტის საფუძველზე, სამხედრო მოსამსახურეებზე ბინების საკუთრებაში გადაცემის პროცესი 2013 წელს დაიწყო. დღემდე, ბინით დაკმაყოფილდა 1724 სამხედრო მოსამსახურე. ამ დროისათვის, თავდაცვის სამინისტროს ბინით დაკმაყოფილების ვალდებულება, რომელიც 2007 წელს წარმოეშვა, კიდევ 672 პირთან აქვს.
სამხედრო მოსამსახურეებისათვის კონტრაქტით გათვალისწინებული ბინების გადაცემის პროცესი 2020 წელს სრულად დასრულდება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესებაა”, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები