“კონსტიტუციის 42-ე მუხლი” ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, სრულად გაითვალისწინოს და საკანონმდებლო პაკეტში ასახოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის წესს ეხება.
“ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ სასამართლოში არსებული პრობლემა გაცილებით უფრო მასშტაბურია, ვიდრე – უზენაეს სასამართლოს დაკომპლექტების საკითხი. აღნიშნული პრობლემა კომისიის დასკვნიდანაც აშკარად იკვეთება. სასამართლოს სისტემაში არსებული “კლანური” მმართველობა და სასამართლოს მიმართ დაბალი ნდობა გრძელვადიან პერსპექტივაში საფრთხეს უქმნის ქვეყნის სამართლებრივ სტაბილურობასა და განვითარებას. შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მიიღოს რეზოლუცია, რომელიც შეაფასებს სასამართლოში არსებულ კლანურ მმართველობასა და მის ნეგატიურ შედეგებს, რის შემდგომ გატარდება საჭირო საკანონმდებლო ღონისძიებები ამ კრიზისის დაძლევის მიზნით”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.