ოთარ კახიძე: ვენეციის კომისიამ თქვა, რომ არ შეიძლება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იყოს თავად კანდიდატი
“ვენეციის კომისიამ თქვა, რომ არ შეიძლება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იყოს თავად კანდიდატი და, ამავე დროს, მონაწილეობდეს ამ შერჩევის პროცესში. ეს არის ინტერესთა კონფლიქტი და მიუღებელია”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის პასუხი კითხვაზე, რაც “ევროპულ საქართველოს” ჰქონდა.
„იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც მათ მიიღეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ ნდობა არის დაბალი. აქედან გამომდინარე, მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ ამ პარლამენტმა არ დააკომპლექტოს უზენაესი სასამართლო და შემდეგ პარლამენტს დაუტოვონ მოსამართლეების ნახევარი მაინც ასარჩევად. ეს არის, პრაქტიკულად, პასუხი ყველა კითხვაზე, რომელიც ჩვენ გვქონდა – რომელიც აქვს საზოგადოებას. შემდგომ, მმართველმა გუნდმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედ წევრებს რომ მოარგო ეს კანონიც, ვენეციის კომისიამ თქვა, რომ არ შეიძლება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იყოს თავად კანდიდატი და, ამავე დროს, მონაწილეობდეს ამ შერჩევის პროცესში. ეს არის ინტერესთა კონფლიქტი და მიუღებელია. მესამე საკითხი, “კლანმა” რომ მიიღო გადაწყვეტილება და ფარული კენჭისყრით რომ იღებენ სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტილებას, კი გასაგებია საზოგადოებისთვის, ვინც აძლევს ხმას, მაგრამ, სინამდვილეში, აქ ყოველგვარი დასაბუთება არის გამორიცხული. ვენეციის კომისიამ მოუწოდა პარლამენტს, რომ ეს შეცვალოს”, – განაცხადა ოთარ კახიძემ.
ცნობისთვის, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით ვენეციის კომისია გასცემს რეკომენდაციას, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ფარული კენჭისყრა გაუქმდეს.