სალომე სამადაშვილი: ვენეციის კომისიამ საქართველოს ხელისუფლებას “ორიანი” დაუწერა
„ფაქტობრივად, ვენეციის კომისიამ საქართველოს ხელისუფლებას “ორიანი” დაუწერა“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციების შესახებ კომენტარისას განაცხადა.
მისივე თქმით, ვენეციის კომისიამ მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ პარლამენტმა ყველა ვაკანსიაზე ყველა მოსამართლე არ უნდა დანიშნოს, რაც დღეს უზენაეს სასამართლოში არსებობს.
„ეს არის განაცხადი ვენეციის კომისიისა, რომ მათთვის ნათელია შემდეგი – დღევანდელი პარლამენტის პირობებში უმრავლესობა დამოუკიდებელ მოსამართლეებს უზენაეს სასამართლოში არ დანიშნავს. ამით ყველაფერი ნათქვამია და ვენეციის კომისიის მხრიდან შეფასებულია ხელისუფლების პოლიტიკა სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და მთავარია. ვენეციის კომისიის დასკვნაში მთელი რიგი საკითხებია, რომლებიც საკვალიფიკაციო გამოცდასა და ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვას ეხება. ეს საკითხები საფუძვლიან მსჯელობას მოითხოვს. კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება დამაზიანებელია ქვეყნის დამოუკიდებელი სასამართლოს ინტერესებისთვის”, – განაცხადა სამადაშვილმა.
ცნობისათვის, მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიამ საკუთარი დასკვნა გამოაქვეყნა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას არ გამორიცხავს. ამასთან, მისივე თქმით, რეკომენდაცია, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა არ შეავსოს უზენაეს სასამართლოში კვოტები, პოლიტიკურია და ორგანულ კანონში ვერ აისახება. კობახიძის განცხადებით, შესაძლებელია ვენეციის კომისიის იმ რეკომენდაციის გათვალისწინება, რომელიც მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებიდან გამოცდის ამოღებას შეეხება.