პრემიერი: ოკუპაცია აუარესებს მდგომარეობას უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული კუთხით ქვეყნის ორივე ისტორიულ რეგიონში
საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბულგარეთში ვიზიტისას ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობაზე ისაუბრა. მან რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ამ ტერიტორიებზე გაუარესებულია უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული მდგომარეობა.
“პრემიერმინისტრო, ვიყენებ ამ შესაძლებლობას და მადლობას გიხდით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის, ასევე, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში შეტანილი წვლილისთვის.
შეხვედრაზე ფართოდ განვიხილეთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობა, აღმოსავლეთ პარტნიორობის აქტუალური საკითხები.
აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილეზე ყველა ვთანხმდებით, რომ შესამჩნევი წინსვლა გვაქვს ბევრი მიმართულებით, თუმცა, ასევე, აღინიშნა, რომ პარტნიორობა საჭიროებს ერთობლივ ძალისხმევასა და ახალი დინამიკით გამდიდრებას. ეს შესაძლებელია ახალი სამიზნე ორიენტირების განსაზღვრით, რაც იქნება ევროკავშირში გაზრდილი ინტეგრაციისთვის დადებული პირობა.
შეხვედრაზე, ასევე, განვიხილეთ ჩვენთვის ძალიან მტკივნეული საკითხი – რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, რაც აუარესებს მდგომარეობას უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული კუთხით ქვეყნის ორივე ისტორიულ რეგიონში.
საქართველო აგრძელებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას და მადლობას ვუხდით საერთაშორისო საზოგადოებას, რომელმაც უდიდესი მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს მიერ ამ მიმართულების გაწეული ძალისხმევის მიმართ. საერთაშორისო საზოგადოების მხოლოდ მტკიცე პოზიციითა და თანმიმდევრული მიდგომით შევძლებთ წინსვლის მიღწევასა და ადგილზე ხანგრძლივი მშვიდობის დამკვიდრებას”, – აღნიშნა პრემიერმა.
ქვეყნის მეთაურმა ბულგარელ კოლეგას 1879 წლის 16 აპრილს ბულგარეთის პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 140 წლის იუბილეც მიულოცა და გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.