ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე: ვეცდები, ჩემი კოლეგები დავარწმუნო იმაში, რისიც შეიძლება, ბოლომდე მეც არ მჯეროდეს

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების თაობაზე ის ხვალ საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში იმსჯელებს.
როგორც ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე აღნიშნა, ის შეეცდება, საკუთარი კოლეგები დაარწმუნოს იმაში, რისიც შესაძლოა, თავადაც არ სჯეროდეს ბოლომდე.
ამასთან, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციების თაობაზე ექსპერტებსა და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდება.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, დაგვჭირდება ამ საკითხის გავლა გუნდთან საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში და მხოლოდ ამის საფუძველზე შეგვიძლია საბოლოო პოზიციის ჩამოყალიბება. ხვალ დილიდან შეხვედრა გაიმართება დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებთან, პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლებთან, სადაც ჩვენ ვიმსჯელებთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით. ასევე, როგორც უკვე აღვნიშნე, შეიკრიბება უმრავლესობა, სადაც ვეცდები, რომ დავარწმუნო ჩემი კოლეგები იმაში, რისიც შეიძლება, ბოლომდე მეც არ მჯეროდეს. ვეცდები, დავარწმუნო იმაში, რომ კონტექსტის გათვალისწინებით საჭიროა გარკვეული რეკომენდაციების გათვალისწინება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები