ნუკრი ქანთარია: მნიშვნელოვანი იქნება, თუკი სერიალებზე შეკვეთები სამინისტროებიდან იქნება

ნუკრი ქანთარია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებას ქართული კინოს დაფინანსების შესახებ მიესალმება
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, ნუკრი ქანთარია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებას ქართული კინოს დაფინანსების შესახებ მიესალმება.
როგორც ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის სხდომათა დარბაზში განაცხადა, მას „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ჰქონდა მსგავსი ინიციატივა, თუმცა, მან მაშინ, ფინანსების არ არსებობის გამო, უარი მიიღო.
მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანი იქნება, თუკი სერიალებზე შეკვეთები სამინისტროებიდან იქნება და დაფინანსების შესახებ პროექტი საკანონმდებლო დონეზეც გაიწერება.
„ეს შეიძლება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდეს ყველა მიმართულებით. სერიალები დღეს უკვე აღარ არის საპნის ოპერები; დიდ მნიშვნელობას იძენს, როდესაც კლასიკური ლიტერატურიდან, თუ წარსულიდან მის საუკეთესო ნიმუშებს ვხედავთ. BBC-ს მთელი შექსპირის ქრონიკები აქვს გადაღებული. როდესაც ამას ვამბობდი, იყო მოკლე პასუხი – ამის საშუალება არ გვაქვს, ფული არ გაგვაჩნია. ამას წინათ, ბიძინა ივანიშვილმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ შეეწიოს ამ საქმეს. აღარაფერი მიკვირს, რაც ჩვენ გარშემო ხდება, მაგრამ უხერხულობის განცდა მაინც რჩება ხოლმე. „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში ჩამოსხმულმა პროდიუსერებმა, რომლებიც ამ საქმით არიან დაკავებული, თქვეს, რომ ეს არის ძალიან ცუდი რამ, საშინელება, თუ ეს კაცი ახლა შეეწევა ამ საქმესო იმიტომ, რომ ეს ბაზარს არევს, დალაგებულ ბაზარს აგვირევსო. რა ბაზარი აირევა, რის ბაზარი, სად არის ბაზარი. ეს მნიშვნელოვანია სულიერების მიმართულებით. თუკი ამ პროცესს არ ჩაიგდებს ე.წ. მარიფათიანი ხალხი, ის სწორი მიმართულებით წავა”, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
შეგახსენებთ – 9 აპრილს, სატელევიზიო ინტერვიუს დროს, ბიძინა ივანიშვილმა განაცხდა, რომ მედიასივრცეში არსებული სერიალები გაცილებით გლობალური პრობლემაა, ვიდრე – მომავალი არჩევნები.
მისივე თქმით, საკითხით მმართველი გუნდის სხვა წევრებიც დაინტერესდნენ და შესაბამისი განხილვები უკვე აქტიურად მიმდინარეობს.
კინოწარმოების დაფინანსებას ივანიშვილის “ქართუ ბანკი” აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები