“ვთხოვ მთავრობას, ივნისამდე, იქნებ, დაელაპარაკოს ლგბტ თემს და მათ მიიღონ გადაწყვეტილება, რომელიც არ გააღიზიანებს საზოგადოებას”
“ბატონო პრემიერო, ანტიდისკრიმინაციული კანონი წინ გადადგმული ნაბიჯი არ არის ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან გაღიზიანების გარდა არანაირი სიკეთე მოუტანია არავისთვის”, – ამის შესახებ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარემ, გიორგი ლომიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ლომია პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ ევროსაბჭოში გამოსვლისას გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო პრემიერმინისტრის გამოსვლას ევროსაბჭოში, როდესაც კითხვაზე – რას აპირებს ლგბტ საზოგადოებასთან დაკავშირებით ივნისში, როგორ აპირებს მათ დაცვას, როდესაც იყო ფაქტი, რომ ჰომოფობიურმა ორგანიზაციებმა არ მისცეს საშუალება მშვიდობიანი აღლუმის ჩატარებისა წარსულში – პრემიერმა პასუხი გასცა, რომ ადამიანის უფლებები დაცულია საქართველოში და ანტიდისკრიმინაციული კანონი ჩვენი ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. ბატონო პრემიერო, ანტიდისკრიმინაციული კანონი წინ გადადგმული ნაბიჯი არ არის ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან გაღიზიანების გარდა არანაირი სიკეთე მოუტანია არავისთვის. რა მივიღეთ ჩვენ ამ კანონის მიღებით, რა შეიცვალა ლგბტ თემისთვის?! – არაფერი. დღესაც მუდამ გვესმის მათი მხრიდან ჩივილი შეურაცხყოფასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცას სადღაც სცემეს, ვიღაც სამსახურში არ მიიღეს“, – განაცხადა გიორგი ლომიამ.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი არ შეესაბამება იმ რეალობას, რა რეალობის დანახვასაც ცდილობს ლგბტ თემი, რადგან ბევრ დაწესებულებაში მუშაობს ლგბტ თემის წარმომადგენლობა და მათთან დაპირისპირებაში არავინ შედის.
მისივე თქმით, მთავრობამ არ უნდა გააკეთოს ის, რაც საზოგადოებას აღიზიანებს.
„დაპირისპირებაში ნუ მოიყვანთ საზოგადოების ორ ნაწილს. იქნებ, დაელაპარაკოთ ლგბტ თემს და აუხსნათ მათ, რომ არავინ არაფერს ერჩის. ერთიანი საზოგადოება უნდა იყოს საქართველოში და მოდით, რაც აღიზიანებს უმრავლესობას, იმას ნუ გააკეთებთ, რადგან პრინციპული საკითხია ეს თქვენთვის და ბევრ ადამიანს, უბრალოდ, გულს სტკენთ. რატომ აკეთებთ, ეს არ მესმის, ძალით რატომ აღიზიანებთ და რატომ ცდილობთ, რომ დაპირისპირებაში შეხვიდეთ უმრავლესობასთან. ვის რა გინდათ, რომ დაუმტკიცოთ. ამ ქვეყანაში ყველამ ყველაფერი გაიგო. ისეთი ბნელები არა ვართ, დამიჯერეთ, რომ ჩვენ არ გვესმოდეს, რომ არსებობს ლგბტ საზოგადოება და უნდა არსებობდეს. რადგან ასეთი ადამიანები არიან, კი ბატონო, უნდა არსებობდნენ. ერთად თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ, ერთმანეთს კი არ უნდა ვუპირისპირდებოდეთ. ამიტომ, ძალიან ვთხოვ მთავრობას, ივნისამდე, იქნებ, დაელაპარაკოს ლგბტ თემს და ლგბტ თემმა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება – გადაწყვეტილება, რომელიც განხეთქილებას არ შემოიტანს საზოგადოებაში; გადაწყვეტილება, რომელიც არ გააღიზიანებს საზოგადოებას და გავაგრძელოთ ერთად ურთიერთობა, ერთად თანაცხოვრება“, – აღნიშნა ლომიამ.