ირმა ინაშვილი: ქვეყანაში უკიდურესი სიდუხჭირეა, თუმცა, ხელისუფლება გვეჩხუბება კიდეც, რატომ არ ვართ ბედნიერები და მადლიერნი

პარლამენტის სესიაზე „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცესპიკერმა ირმა ინაშვილმა ქვეყანაში არსებულ ეკონომიურ მდგომარეობაზე ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, საზოგადოება უკიდურეს გაჭირვებაშია, თუმცა, მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან ამ პრობლემის მოსაგვარებლად შესაბამისი ნაბიჯები არ იდგმება.
“ვფიქრობ, ერთი მთავარი კითხვა უპასუხოდ რჩება. 28 წელია, ყველა ხელისუფლება ამ ქვეყანაში გვპირდება, რომ ააშენებს დემოკრატიულ, თავისუფალ, უსაფრთხო მდიდარ სახელმწიფოს, მაგრამ მთელი ამ წლების განმავლობაში დავკარგეთ ტერიტორიები, უზრუნველყოფილი და დაცული არ გვაქვს უსაფრთხოება დღესაც. ჩვენი მოქალაქეები არიან უკიდურესი სიდუხჭირისა და გაჭირვების წინაშე და ყველა ხელისუფლება, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაც, რომელიც შვიდი წელია, მართავს ქვეყანას, ადამიანებს არწმუნებს, რომ ბედნიერნი არიან. მეტსაც გეტყვით, ამ ტრიბუნიდან ხშირად გვეჩხუბებიან კიდეც, რატომ არ ვართ ბედნიერნი საქართველოს მოქალაქეები, რატომ არ ვართ მადლიერნი, რომ ასე ყვავის, თურმე, ჩვენი ეკონომიკა. სირცხვილია ეს.
ქართველი ერი დგას პირდაპირი გენოციდის საფრთხის წინაშე და საუბარი, რომ ეკონომიკა იზრდება და ციფრები, რასაც აქ აბრახუნებენ მთავრობის წევრები, არის ჰაერი და მეტი არაფერი. სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას თავისი მოქალაქეები; ვალდებულია, არ იყოს შიმშილი ქვეყნაში; ვალდებულია, შექმნას და ხელი შეუწყოს ოჯახური წვრილი ბიზნესის განვითარებას და მშპ-ს ერთი პროცენტი სავსებით საკმარისია, რომ წელიწადში 10 000 ოჯახს დავეხმაროთ წვრილი, პატარა ბიზნესის აწყობაში“, – განაცხადა ვიცესპიკერმა.
მისი თქმით, პარლამენტში არ მიიღება კანონები, რაც სასიცოცხლოა ქართველი ერის ფიზიკური გადარჩენისთვის.
​„მთლიანი შიდა პროდუქტის 2.2 პროცენტი წინსწრებით, მოხალისურად გამოყოფილია ნატო-ს სტანდარტის თანახმად თავდაცვაზე. არავინ ამბობს, რომ თავდაცვა არ უნდა დაფინანსდეს, მაგრამ ეს სტანდარტი, 2 პროცენტი, სავალდებულოა ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის და არა – ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის, რომელიც არ არის და არც აქვს პერსპექტივა, გახდეს ნატო-ს წევრი. ჩვენ უნდა გამოვიდეთ ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან. თავდაცვაც, ინფრასტრუქტურაც, ეკონომიკაც გვჭირდება ცოცხალი ადამიანებისთვის. თუ ქართველი ერი და საქართველოს მოქალაქეები არ იარსებებენ, რაში გვჭირდება თავდაცვა, მთავრობა, ან ეს პარლამენტი. აბსოლუტურად უინტერესოა ამ პარლამენტში ყოფნა.
უამრავი კანონია, მაგრამ არა ის კანონი, რაც ქართველ ერს დაიცავს შიმშილისა და სიდუხჭირისგან“, – აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები