ნათია თურნავა – ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის მთავარი ამოცანა მომხმარებელი და მისი უფლებების დაცვაა

„ენერგეტიკული სტრატეგიის ერთ-ერთი ქვაკუთხედი მომხმარებელთა უფლების დაცვა, მათზე ზრუნვა და მათი ინტერესების გათვალისწინებაა და ეს არ არის ლიტონი სიტყვები, ეს არის რეალური სამოქმედო გეგმა და პრიორიტეტი”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ ენერგოომბუდსმენის ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ენერგეტიკული ბაზრის იმ დიდ რეფორმაში, რომელსაც მთავრობა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ახორციელებს, მთავარი ამოცანა მომხმარებელი და მისი უფლებების დაცვაა.
თურნავას თქმით, ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებულ ჩარჩო-კანონპროექტში, რომლის განხილვასაც უახლოეს პერიოდში დაიწყებს საქართველოს პარლამენტი, პრინციპების დონეზეა გაწერილი, რომ კანონის მთავარი მიზანი არის ევროკავშირის სტანდარტებით უსაფრთხო, უწყვეტი და ხარისხიანი ელექტროენერგიისა თუ ბუნებრივი აირის მიწოდების უზრუნველყოფა მოსახლეობისთვის.
„ეს არის ენერგეტიკული უსაფრთხოება, რომელსაც მხოლოდ გლობალური და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით კი არ განვიხილავთ, არამედ ეს არის მომხმარებლისთვის ენერგიის უსაფრთხო მიწოდების სინონიმი”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მისივე შეფასებით, ამ პროცესში უდიდესი როლი ენიჭება ენერგოომბუდსმენის ჩართულობას.
ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა დღეს საზოგადოებას 2018 წელს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. ღონისძიების ფარგლებში, ასევე, გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით „მომხმარებელთა უფლებები ენერგეტიკის სექტორში.”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები