„მურუსიძე-ჩინჩალაძემ ივანიშვილს აღუთქვეს, რომ ისინი იქნებიან მისი ნების შემსრულებლები, თუ სასამართლოში დომინირება ექნებათ“

ლევან მურუსიძემ და მიხეილ ჩინჩალაძემ ბიძინა ივანიშვილს აღუთქვეს პირობა, რომ ისინი იქნებიან მისი ნების შემსრულებლები, თუ სასამართლო სისტემაში დომინირება ექნებათ, – ამის შესახებ „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარემ, მამუკა კაციტაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კაციტაძე სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებასა და მის უპირობო ლიდერს, ბატონ ივანიშვილს უნდა, აინტერესებს, ესწრაფვის და, პრინციპში, ამ ეტაპამდე მიღწეული აქვს კონტროლირებადი სასამართლო. მას უნდა, რომ სასამართლოზე კონტროლი შეინარჩუნოს ყველა დონეზე, სამივე ინსტანციის დონეზე, რომ ქვეყანაში მისთვის არასასურველი პოლიტიკური პროცესების შემთხვევაში სასამართლოდანაც მოქაჩოს მისთვის არასასურველი პროცესი, ანუ კონტროლირებადი სასამართლო გამოიყენოს ასეთ სიტუაციაში. მან ამაზე იმუშავა, მათ შორის იმუშავა ცნობილ მურუსიძე-ჩინჩალაძის ჯგუფთან, რომლებმაც აღუთქვეს პირობა, რომ ისინი იქნებიან მისი ნების შემსრულებლები, თუ მათ ექნებათ დომინირება სასამართლო სისტემაში. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ამოცანა. ამ ამოცანის შესასრულებლად ის არ ერიდება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს არც პოლიტიკური სპექტრის, არც სამოქალაქო სექტორის, არც მედიისა და საზოგადოების მხრიდან. არ ერიდება არც საერთაშორისო ორგანიზაციების დამოკიდებულების. ანუ, ის არ დაჰყვება ძალიან მარტივად, თუ არ იქნა ხისტი, მკაფიო და მკაცრი დამოკიდებულება საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, ის არ დაჰყვება მისთვის არასასურველ კორექტივებს ისე, როგორც არ დაჰყვა კონსტიტუციის შემთხვევაში, მიუხედავად ვენეციის კომისიის მრავალჯერადი და მკაფიო მოთხოვნისა, რომ 2020 -ის არჩევნები ჩატარებულიყო პროპორციული წესით. როგორც იტყვიან, მისი გადასახედიდან, ვგულისხმობ – „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასა და მის ლიდერს, “ჩიტი ბრდღვნად ღირს”; ანუ ყველა ეს დაპირისპირება ღირს იმად, რომ საჭირო შემთხვევაში სასამართლო მისთვის კონტროლირებადი იყოს . წინააღმდეგ შემთხვევაში, მას შეიძლება, ძალიან ძვირი დაუჯდეს ყველაფერი. სიძვირეს როცა ვამბობ, ვგულისხმობ არა მხოლოდ ხელისუფლების დაკარგვას, არამედ – ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ განვითარებულ პროცესებს. მე ამ რაკურსში ვუყურებ სასამართლოში მიმდინარე პროცესებს”, – განაცხადა კაციტაძემ.
ცნობისთვის, გუშინ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძისა და უმრავლესობის დეპუტატების მიერ შემუშავებულ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.
უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს კომიტეტში 9 მომხრე ჰყავდა, 1-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.
კანონპროექტის განხილვა მთელი დღის განმავლობაში, მწვავე დისკუსიის ფონზე მიმდინარეობდა.სამოქალაქო სექტორისა და საპარლამენტო ოპოზიციის კრიტიკის საფუძველი გახდა ის ფაქტი, რომ მმართველმა გუნდმა, საკუთარი პირობის მიუხედავად, კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გამოქვეყნებამდე ჩანიშნა.
„ხვალისთვის ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას კანონპროექტთან დაკავშირებით, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ პარასკევამდე სრულად ავსახოთ ყველა შესაბამისი რეკომენდაცია ჩვენს კანონპროექტში”,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საუბრისას განუცხადა.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები