პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ბიურომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
„28 წლის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოცხადდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარის, ბატონი ზვიად გამსახურდიას მიერ სწორედ პლენარულ სხდომათა დარბაზში. ამ აქტისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის მიმართ პატივისცემის ნიშნად, შემოთავაზებულია წინადადება, რომ პლენარულ სხდომათა დარბაზს ეწოდოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
​პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივას გამოეხმაურა პარლამენტის ვიცესპიკერი – ზვიად ძიძიგური და ირაკლი კობახიძეს მადლობა გადაუხადა წარმოდგენილი წინადადებისთვის.
„მსურს, მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლის ამ ინიციატივისათვის. ის გახლდათ პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც საბჭოთა კავშირის არსებობის პირობებში გაბედა და შეძლო, ჩაეტარებინა რეფერენდუმი მთელი საქართველოს ტერიტორიაზე და შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს გამოეცხადებინა მაშინდელ უზენაეს საბჭოს მისი ხელმძღვანელობით დამოუკიდებლობის აღდგენა. ძალიან მნიშვნელოვანი აქტი მოხდა 28 წლის წინ იმ დარბაზში და ჩვენი პოლიტიკური ლიდერი, საქართველოს პოლიტიკური ლიდერი, მაშინ იყო სწორედ ზვიად გამსახურდია”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
ამ მნიშვნელოვან ფაქტს, ასევე, გამოეხმაურა პარლამენტის წევრი – მირიან წიკლაურიც და პარლამენტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა ინიციატივისთვის.
„თქვენ გეყოთ ვაჟკაცობა იმისთვის, რომ ეს საკითხი წამოგეწიათ წინ და დღეს ამ იდეას უკვე ხორცი შეესხა. ზვიად გამსახურდიას სახელის დაფასება უნდა გაგრძელდეს, კიდევ უფრო უნდა გაფართოვდეს. ამაზე მიუთითებს ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხიბულაში სტუმრობაც და იქ, შესაბამისად, მემორიალური მუზეუმის გახსნის იდეაც ჩაისახა. ამაზე მიუთითებს ისიც, რომ წელს პირველად სათანადოდ აღინიშნა ზვიად გამსახურდიას იუბილე უკვე ქვეყნის მასშტაბით, ხელისუფლების მიერ”, – განაცხადა მირიან წიკლაურმა.
​პარლამენტის ბიურომ გადაწყვეტილებას ერთხმად დაუჭირა მხარი.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მუდმივად შეგვახსენებს თავისუფლების მნიშვნელობას, დამოუკიდებლობის მნიშვნელობას, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მნიშვნელობას და შეგვახსენებს იმას, თუ ვინ იდგა ამ ბრძოლის უკან”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ და ბიუროს წევრებს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები