ნინო ლომჯარია: მივესალმები, რომ კენჭისყრა სახალხო დამცველის გამოსვლის შემდგომ ჩაინიშნა

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მიესალმება იმ ფაქტს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის კენჭისყრა სახალხო დამცველის გამოსვლის შემდგომ ჩაინიშნა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, როგორ დაკომპლექტდება, ვინ იქნებიან ახალი მოსამართლე წევრები და როგორც წარიმართება პროცესი. „ხუთშაბათს, ჩემი მიმართვის დროს, მე ვისაუბრებ წარმოდგენილ კანონპროექტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით, მასში არსებულ ხარვეზებზე, ასევე, შევაფასებ და ვიმსჯელებ ვენეციის კომისიის მიერ წარმოდგენილ დასკვნას. ამ დროისთვის, მე ველოდები, რომ აღნიშნულ კანონპროექტზე ჩვენ უკვე უნდა მივიღოთ ეუთო-სგან ალტერნატიული დასკვნა. ვისაუბრებ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით როგორც სახალხო დამცველის შენიშვნებზე, ასევე – ბევრი საერთაშორისო, მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციის მიერ მომზადებულ დასკვნაზე. მივიჩნიე, რომ ეს არის საკითხი, რომელზეც პირველად სახალხო დამცველმა უნდა გამოიყენოს პარლამენტისადმი მიმართვის ფორმატი. ეს არის საკითხი, რომელზეც ყველა შესაძლო სადისკუსიო ფორმატი უნდა გამოვიყენოთ, რომ სწორ გადაწყვეტილებამდე მივიდეთ. როდესაც ასეთი შემჭიდროებული ვადებია, მნიშვნელოვანი იქნება, რომ, გარკვეულწილად, ექსპერტული მოსაზრება და შეფასება მოისმინონ დეპუტატებმა – რას ამბობს ვენეციის კომისიის დასკვნა, რას გულისხმობს, როგორ და რა ფორმით მოითხოვს პარლამენტისგან სადავო რეგულაციების შეცვლას. ეს გამოსვლა დეპუტატებს დაეხმარებათ, რომ გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბდნენ. ბიუროს დღევანდელ გადაწყვეტილებას მივესალმები, რომ კენჭისყრა სახალხო დამცველის გამოსვლის შემდგომ ჩაინიშნა და ჩემ მოსმენას აზრი არ დაეკარგა. პროცესები ძალიან დაჩქარებულია. რთულად წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ერთი ან ორი დღის განმავლობაში სრულყოფილად შევაფასოთ წარმოდგენილი დასკვნები“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები