ალექსანდრე ბარამიძე: ივანიშვილი გარიგებაშია ჩინჩალაძე-მურუსიძესთან, მისი მიზანია, აკონტროლოს სასამართლო

“ბიძინა ივანიშვილი გარიგებაშია სასამართლოში არსებული “კლანის” ხელმძღვანელებთან, კონკრეტულად – ჩინჩალაძესა და მურუსიძესთან. ივანიშვილის მიზანია, აკონტროლოს სასამართლო ხელისუფლება”, – ამის შესახებ ,,თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა, იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ალექსანდრე ბარამიძე მოსამართლეებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

„ჩვენ ვიხილეთ ბატონი ივანიშვილი გასულ კვირას „იმედის“ ეთერში, სადაც საათ-ნახევრის განმავლობაში ამტკიცებდა იმას, რომ მურუსიძე არის უცოდველი კრავი, ის იყო მხოლოდ მსხვერპლი იმ სისტემისა, რომელიც არსებობდა წინა ხელისუფლების დროს. ხოლო დანარჩენები, შალვა შავგულიძე და ყველა, ვართ „ნაცების“ აგენტები და ა.შ. მისი გამოსვლის ძირითადი არსი ეს იყო. მას ერთი ინტერესი აქვს, რომ ხელიდან არ გაუშვას სასამართლოზე კონტროლი, რომელიც მან ბოლო წლების განმავლობაში მოიპოვა. მინიმუმ, 2015 წლიდან, ის არის გარიგებაში “კლანის” ხელმძღვანელებთან, კონკრეტულად – ჩინჩალაძესა და მურუსიძესთან. მისი მიზანია ის, რომ აკონტროლოს სასამართლო ხელისუფლება და უკარნახოს ცალკეულ საქმეებზე, თუ რა გადაწყვეტილებები უნდა იხილოს მან სასამართლო ხელისუფლებისგან. ეს სრულიად აშკარაა. სასამართლოში გაბატონებული “კლანი” დღეს ისევეა მსახური პოლიტიკური ხელისუფლებისა, როგორც იყო წინა ხელისუფლების დროს“, – განაცხადა ბარამიძემ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე ისაუბრა.
„დღეს რა გვაქვს, აი, ეს არის პარადოქსი ჩვენთვის, რომ დღეს საზოგადოებაში შავგულიძე ასოცირდება, როგორც გმირი, რომელმაც დაიცვა გირგვლიანების ოჯახი და მურუსიძე ასოცირდება, როგორც მკვლელი. ვარირების არავითარი საშუალება რიგით მოსამართლეს, მურუსიძეს უზენაეს სასამართლოში არ ჰქონდა კანონმდებლობით. ვერ დააბრუნებდა იმ მიზეზით, რომ შავგულიძემ დაარღვია და არა – მურუსიძემ. რატომღაც, შავგულიძემ არ დაწერა აპელაციაში, როდესაც პირველმა ინსტანციამ ძალიან დაბალი სასჯელი მიუსადაგა, 8 და 7-7 წელი”, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, მურუსიძე-ჩინჩალაძის გვარები ამორჩეულია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, რადგან ისინი სასამართლოზე გავლენის დაბრუნებას ცდილობენ.

„როგორც ჩანს, მურუსიძე-ჩინჩალაძის გვარები ამორჩეულია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ და არა – ჩვენ მიერ. ჩვენ ეს გვარები არ ვიცოდით და „ქართული ოცნების“ წევრებს ამაზე აქცენტი არასდროს გაუკეთებიათ. გვარები ჩვენ გავიგეთ, როცა მათი ლანძღვა დაიწყო საჯარო სივრცეში. ყველა ეს გვარი და მათი ოდიოზურობა, “კლანურობა”, მოდის „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათგან მართული „ენჯეოების“ მხრიდან. მიზეზი არის მხოლოდ ის, რომ მათ სასამართლოზე გავლენა დაკარგეს და ამის დაბრუნებას ცდილობენ”, – განაცხადა ივანიშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები