ნოტრდამის ტაძარში გაჩენილი ხანძრის სავარაუდო მიზეზი ცნობილია
პარიზში, ნოტრდამის ტაძარში, გუშინ ხანძარი გაჩნდა, რომლის ძირითადი კერის ჩაქრობა მხოლოდ დღეს, 16 აპრილის დილას მოხერხდა. ხანძრის შედეგად განადგურდა სახურავი და დამწვარია კედლები. მოხერხდა ცნობილი გარგულიების გადარჩენა.
ხანძრის მიზეზს უკავშირებენ დარღვევებს სარემონტო სამუშაოების დროს. ტაძარი, ნაწილობრივ, სარემონტო ხარაჩოებით იყო შემოსაზღვრული. ცეცხლი ისტორიული შენობის სხვენიდან გავრცელდა, შემდეგ კი სახურავს მოეკიდა. ადგილობრივი პროკურატურა საქმეს შემთხვევით დაზიანების ფაქტზე იძიებს.
ხანძრის შედეგად, ერთი მეხანძრის გარდა, არავინ დაშავებულა. ვითარების სიმძიმისა და ტექნიკის შეზღუდვის მიუხედავად, ნოტრ-დამის შენობის ქარქასის შენარჩუნება მაინც მოხერხდა. ასევე, გადარჩენილია ეკლესიის რელიქვიები, მათ შორის – ქრისტეს ეკლის გვირგვინი.