ირაკლი კობახიძე: საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა საიმედო და მომავალზე ორიენტირებულია

“საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობა არა მარტო ღირებულების, არამედ რეგიონული პოლიტიკური ინტერესების თანხვედრასაც ემყარება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის ორპარტიულ დელეგაციას შორის გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.
აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის დემოკრატიული პარტნიორობის კომიტეტის დელეგაცია, რომელსაც კონგრესმენი დევიდ პრაისი ხელმძღვანელობს, საქართველოში იმყოფება. კონგრესმენებმა ვიზიტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრით დაიწყეს.
მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის პარტნიორობა არასდროს ყოფილა ისეთ მაღალ დონეზე, როგორც დღეს არის. ყურადღება გამახვილდა საქართველოს პარლამენტსა და აშშ-ს კონგრესს შორის არსებულ თანამშრომლობასა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების საკითხებზე.
განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოში განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებები და პარლამენტის როლი იყო. საუბარი, ასევე, აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას შეეხო და აღინიშნა, რომ საკითხზე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ და კონგრესმენებმა – დევიდ პრაისმა და ვერნ ბუქენანმა პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს დემოკრატიული განვითარების მთავარი მხარდამჭერი იყო და დღესაც არის ამერიკის შეერთებული შტატები. მისივე თქმით, ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს ამერიკის კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის პროგრამა.
„ორპარტიული მხარდაჭერა, რომლითაც კონგრესის პოლიტიკა ხასიათდება, ნიშნავს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა საიმედოა და მომავალზეა ორიენტირებული. ჩვენი ქვეყნები დაინტერესებული არიან სტაბილურობითა და მშვიდობით რეგიონში, რათა რეგიონის ქვეყნებმა გააკეთონ დამოუკიდებელი არჩევანი საერთაშორისო და საშინაო ორიენტაციისა და განვითარების მიმართულებით. კონგრესის მიერ მიღებული კანონმდებლობა, წარდგენილი რეზოლუციები და განცხადებები განსაკუთრებულ იმპულსს აძლევს არა მარტო ორმხრივ ურთიერთობას, არამედ – საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასაც. მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ ჩვენი სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობების კვალდაკვალ შევძლებთ თავისუფალი ვაჭრობის სფეროში ორივე ქვეყნისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს შეგვიქმნის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა და ქვეყანაში განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება კონგრესმენმა დევიდ პრაისმა.
„საქართველოში თავს შინ ვგრძნობთ ჩვენს კოლეგებთან, რომლებთანაც ვიზიარებთ დემოკრატიისკენ მისწრაფებას. საქართველოში განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით კიდევ უფრო ნათელია, რომ პარლამენტი არის ხელისუფლების პირველი შტო და მოწინავე უწყება ხალხის ჩართულობისა და ხალხის ოცნებებისა და მისწრაფებების რეალობად გადასაქცევად, პოლიტიკის შექმნის კუთხით.
კონგრესში ბევრი დებატი მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს დებატები დემოკრატიის მიმართ ერთგულებისა და საქართველოს მიმართ ჩვენი აღტაცების შესახებ. ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს და საუკეთესო პრაქტიკას ვუზიარებთ”, – განაცხადა კონგრესის წევრმა.
„ყოველთვის აღტაცებული ვიყავი ქართველი ხალხის სულისკვეთებით. ჩვენი მიზანია, ერთობლივად ვიმუშაოთ ორპარტიულ საფუძველზე, მმართველობის კუთხით. ვისაუბრეთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე. სპიკერმა აღნიშნა, რომ ძლიერი პარლამენტი ძლიერი დემოკრატიაა, რასაც სრულად ვიზიარებ”, – აღნიშნა კონგრესმენმა ვერნ ბიუქენანმა.
შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – თამარ ჩუგოშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი – არჩილ თალაკვაძე და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი – ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები